ახალი ამბები

დახმარებას მიიღებენ ის ფერმერებიც, რომლებიც მიწას წლის ბოლომდე დაირეგისტრირებენ – გახარია

12 მაისი, 2020 •
დახმარებას მიიღებენ ის ფერმერებიც, რომლებიც მიწას წლის ბოლომდე დაირეგისტრირებენ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის დასახმარებელი პაკეტი, რომელიც მთავრობამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში შეიმუშავა, იმ ფერმერებსაც შეეხება, რომლებიც მიწას წლის ბოლომდე დაირეგისტრირებენ.

გიორგი გახარიას თქმით, მიწების რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს და პროგნოზირებს, რომ 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში ყველა სახის მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იქნება:

“ქვეყანაში 3 წლის გნამავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, დახმარება ფერმერებისთვის, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებულ მიწასთანაა დაკავშირებული.

მაგრამ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც რაიმე მიზეზით მიწა არ აქვს დარეგისტრირებული, წლის ბოლომდე მოახერხებს მიწის რეგსტრაციას, ეს შეღავათები და ეს დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს”, – ამბობს გახარია.

პრემიერის ინფორმაციით, ფერმერები რეგისტრირებულ ერთ ჰექტარ მიწაზე მიიღებენ 200 ლარს და ასევე საწვავს. სრულად სამთავრობო პროგრამის შესახებ ნახეთ აქ:

200 ლარი ჰექტარზე და საწვავი – სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა

მასალების გადაბეჭდვის წესი