ახალი ამბები

სამინისტროს ასეთი სივრცის საჭიროება გააჩნია – დავითაშვილი ორსართულიანი დარბაზის მშენებლობაზე

12 მაისი, 2020 • 1539
სამინისტროს ასეთი სივრცის საჭიროება გააჩნია – დავითაშვილი ორსართულიანი დარბაზის მშენებლობაზე

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზის სივრცის საჭიროება გააჩნია. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ეს არის პროექტი, რომელიც დაწყებულია მინიმუმ 2 წლის წინ, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი პროექტირებაზე, ეს პროექტი სამინისტრომ შეიძინა. ეს არ არის დღევანდელი დღის თემა, არც დღევანდელი გადაწყვეტილება, ეს არის რამდენიმე წლის გადაწყვეტილება, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ დადგა ამ პერიოდში ამ პროექტის განხორციელების საჭიროება, არაფერი არ შეცვლილა, სამინისტროს ასეთი სივრცის საჭიროება გააჩნია. სამინისტროს უამრავი საბიუჯეტო თანხის გადახდა უწევს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, ზუსტად ფერმერებისთვის ან ჩვენი სხვადასხვა აუდიტორიისთვის.

იცით, რომ სამინისტრო მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე პასუხისმგებელი არ არის, მათ შორის ძალიან ბევრი გარემოსდაცვითი თემატიკაა, როდესაც ჩვენ გვიწევს კომუნიკაცია, ტრენინგი და კონფერენცია, რომ მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ. მათ შორის აღვასრულოთ ჩვენი ვალდებულებები გარემოს დაცვითი პოლიტიკის ნაწილში, საჯარო შეხვედრები და ა.შ. ჩვატაროთ. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივი საოპერაციო საჭიროება, რომელიც სამინისტროს გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს საკუთარი სივრცე ექნება საკუთარ ტერიტორიაზევე, ეს იქნება მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის საშუალება წლების განმავლობაში”, – განაცხადა დავითაშვილმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ორსართულიან საკონფერენციო დარბაზს ააშენებს. მშენებლობისთვის ტენდერი 1 მილიონ 665 ათასი ლარით არის გამოცხადებული. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება.

დოკუმენტების მიხედვით, ორსართულიანი საკონფერენციო დარბაზი თბილისში [მარშალ გელოვანის N6-ის მიმდებარედ], სამინისტროს ტერიტორიაზე აშენდება. მშენებლობის ნებართვა თბილისის მერიამ 2020 წლის 23 მარტს გასცა.

დარბაზის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება კი 28 მაისს დაიწყება და 6 ივნისს შეწყდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1,6 მილიონად საკონფერენციო დარბაზს ააშენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი