ახალი ამბებისაზოგადოება

რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა ენმ-სთვის

11 მაისი, 2020 • 4194
რას ნიშნავს სააკაშვილის უკრაინაში დანიშვნა ენმ-სთვის

“იმიტომ კი არა, რომ ვიღაცამ ამიკრძალა, ნამდვილად არ მაქვს დრო, ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაზე კომენტარები ვაკეთო, ეს არ არის არც ჩემი ფუნქცია. შემდეგი თვეები დაკავებული ვიქნები უკრაინული რეფორმების საკითხებით”, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს მისთვის მეორე პოლიტიკური თანამდებობაა უკრაინაში, ორი სხვადასხვა პრეზიდენტის ხელისუფლების პირობებში.

ნიშნავს თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის ნაკლებ ჩართულობას ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში და რას ცვლის წინასაარჩევნოდ ეს ფაქტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”?


პოლიტოლოგი გია ნოდია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინის რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ  პარტია “ნაციონალურ მოძრაობის” ელექტორატზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

“ნაციონალური მოძრაობისთვის”, მისი მომხრეებისთვის ეს ფაქტი თავისთავად სასიამოვნო იქნება, სააკაშვილის ლეგიტიმაციის ნიშნად მიიღებენ და ეს მათ წაახალისებს, მაგრამ არა მგონია, ამის გამო დიდად ან დააკლდეთ, ან მოემატოთ მომხრეთა რაოდენობა. სააკაშვილი, ალბათ, ნაკლებად გამოჩნდება ქართულ ეთერებში. შეიძლება, წმინდა ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონდეს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” შედარებით უფრო გაუჭირდება სააკაშვილისგან ბუა და ხიფათის წყაროს იმიჯი შექმნა, ვინაიდან მისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში ნაკლებად თვალსაჩინო იქნება. თუმცა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია, ალბათ, მაინც ამაზე იქნება აგებული, იმიტომ, რომ სხვა მას არ შეუძლია”, – ამბობს გია ნოდია.

გია ნოდია

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, თუ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჩანდა როგორც ხელმოცარული პოლიტიკოსი, რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნამ მას ობიექტურად აღუდგინა წონიანი და აქტიური პოლიტიკოსის იმიჯი. კაჭკაჭიშვილის აზრით, ამ ფაქტს ირიბი პოლიტიკური გავლენა ექნება ქართულ პოლიტიკურ რეალობაზეც, მით უფრო, “ნაციონალური მოძრაობისა” და მასთან კოალიციაში მყოფი პოლიტიკური აქტორებისა და ამომრჩევლისთვის, რომელთათვისაც ექსპრეზიდენტი ე.წ. შემკვრელ ცემენტს წარმოადგენს.

“ენმ-ისა და ამ პარტიასთან კოალიციაში მყოფი სხვა პარტიების ერთიანობის თვალსაზრისით, ისევე როგორც მათი ამომრჩევლის, სულ მცირე, შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერებისთვის, ამ დანიშვნას ექნება პოზიტიური გავლენა. “ნაციონალური მოძრაობის” გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური ძალები არ დაიფანტებიან და ახალ პოლიტიკურ სუნთქვას შეიძენენ”, – ამბობს სოციოლოგი.

იაგო კაჭკაჭიშვილი არ ფიქრობს, რომ ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ნაკლებ ფორმალური ჩართულობით მოქმედ ხელისუფლებას ხელიდან გამოეცლება შესაძლებლობა, ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს სააკაშვილის ფიგურის თანხმლები ნეგატიური განწყობების ფაქტორი, თუმცა მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” ახალი ტერმინების მოძებნა მოუწევს, ვეღარ იტყვის რა, რომ სააკაშვილი აღარავის სჭირდება მსოფლიოში და ის არის მოხეტიალე დონ კიხოტი.

“ქართული ოცნებისთვის” მარტო სააკაშვილი არა, სააკაშვილის ინსტიტუციური პროდუქტი, ანუ “ნაციონალური მოძრაობაა” ყველა შემთხვევაში განტევების ვაცი. ენმ რჩება, მისი ლიდერი, მართალია, უკრაინაში, მაგრამ მაინც გაძლიერდა, ამიტომ მგონია, “ქართული ოცნება” ახალი ძალით შეუტევს “ნაციონალურ მოძრაობას” და კიდევ უფრო მეტად გამოიყენებს ენმ-ს და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორს პოლარიზაციისთვის. ოღონდ ახლა “ქართულ ოცნებას” უფრო ცუდად აქვს საქმე ამ ფაქტორის გამოყენებაში, ვინაიდან, რაც არ უნდა იძახოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ სააკაშვილი მოგონილ თანამდებობაზე დაინიშნა, ფაქტია, ეს არ არის სწორი, ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა მიიღო და ახლა “ოცნებას” გაუჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” ყავლგასული ლიდერის იმიჯით კრიტიკა. ხელისუფლებას გაუჩნდა თავსატეხი და დაუდგა იმის აუცილებლობა, რომ სხვა ვორდინგი [ტერმინები] მოძებნოს და სხვანაირად შეფუთოს “ნაციონალური მოძრაობის” და სააკაშვილის ნეგატიური დახასიათება”, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

სოციოლოგის თქმით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის ოფიციალური პირი, ვერ ჩაერევა საქართველოს საქმეებში, ძალიან პირობითია და მას ვერავინ დაუშლის, არაოფიციალური გზებით ჩაერიოს და გარკვეული პოზიცია გამოხატოს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

“ასე რომ, ვფიქრობ, გაძლიერებული სააკაშვილი  კიდევ უფრო მეტი თავის ტკივილია “ქართული ოცნებისთვის”, ვიდრე ლეგალური სტატუსის გარეშე მყოფი”, – ამბობს კაჭკაჭიშვილი.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, მთავარი ცვლილება, რასაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა ქმნის, იმაში მდგომარეობს, რომ “ქართულ ოცნებას” ხელიდან ეცლება ნეგატიური პროპაგანდისტული არგუმენტი სააკაშვილის დაბრუნების არმაგედონთან დაკავშირებით.

“ქართულ ოცნებას” გაუჭირდება მუდმივი ტექნოლოგიის გამოყენება, როცა ყოველი არჩევნების წინ ელექტორატს აშინებს იმით, რომ სააკაშვილი ლონდონიდან ბომბეიმდე მორიგ გვირაბს თხრის”, – ამბობს ხუხაშვილი.

გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი სააკაშვილის ფაქტორის გამო განსაკუთრებული ელექტორალურ ცვლილებებს არ ელის ქართულ პოლიტიკაში, თუმცა მიიჩნევს, რომ ენმ-ისა და “ევროპული საქართველოს” ამომრჩევლებს შორის მცირე გადაჯგუფება მოხდება.

“ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატი საკმაოდ კარგად ორგანიზებული, მაგრამ მაინც ჩაკეტილი სისტემაა. მას განვითარების დიდი პოტენციალი არ აქვს. თუმცა გარკვეული გადაჯგუფება მოხდება, ალბათ, “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” ელექტორატში, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ერთი ელექტორალური ბაზა აქვთ. როდესაც ეს პარტია შუაზე გაიყო, ელექტორატიც გარკვეული პროპორციით გაიყო. ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით ტენდენციას, რომ ამ ელექტორატის ნაწილი უფრო “ევროპული საქართველოსკენ” იხრებოდა. მე ვფიქრობ, ახლა ადგილი ექნება უკან, ენმ-ის ელექტორატში გადადინებას გამომდინარე იქიდან, რომ მიხეილ სააკაშვილის, მინიმუმ, საერთაშორისო რეაბილიტაცია მოხდა, გაიზარდა რწმენა მისი უძლეველობის შესახებ. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩამოუყალიბებელი ელექტორატის მცირე ნაწილიც შეიძლება მიიზიდოს, მაგრამ მნიშვნელოვან ელექტორალურ ცვლილებებს საერთო პოლიტიკურ სურათში მე ვერ ვხედავ”, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ექსპერტების აზრით, როგორც “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ისე “ქართული ოცნების” პოლიტიკური გზავნილებისთვის და კამპანიისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ რამდენად წარმატებული გამოვა მიხეილ სააკაშვილის კარიერა ახალ თანამდებობაზე, თუმცა ამის პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

თავად “ნაციონალური მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმატება უკრაინაში მათ პარტიასაც გააძლიერებს. ენმ-ში მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საქართველოზე განცხადებების სრულად შეწყვეტას არ ელიან, თუმცა ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტს ძალიან ცოტა დრო ექნება სხვადასხვა თემებზე კონცენტრირებისთვის.

“რაც შეეხება მუდმივ შეკითხვას, ქართულ პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით და განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება გააკეთოს მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთან მიმართებაში, მე მგონი, არ არსებობს ბერკეტი და მექანიზმი, რომელიც გაწყვეტს სააკაშვილის კავშირებს საქართველოსთან. ეს  გამორიცხულია. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის, რომ მისი გუნდი აქ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა. არა მგონია, აზრის გამოთქმა საქართველოს თავისუფლებისთვის გადამწყვეტ ბრძოლაზე ოქტომბერში რაღაცნაირად პრობლემას წარმოადგენდეს. ვერ გეტყვით, რომ პარტიულ გადაწყვეტილებებში აქამდეც ყოველდღიურად ერეოდა, მაგრამ ახლა ის თანამდებობა, რომელიც მას აქვს, მოითხოვს ძალიან დიდ დატვირთვას, ყოველდღიურ, ყოველწამიერ და ყოველწუთიერ კონცენტრაციას და ამიტომ, ყოველდღიურ რეჟიმში არ მგონია, რომ გამოუვიდეს საქართველოზე კონცენტრაცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მიუხედავად ამისა, დეკანოიძის ინფორმაციით, ფუნქციონირებას გააგრძელებს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი, რომელიც 2 მარტს გაიხსნა. მიხეილ სააკაშვილმა პირადი შტაბის გახსნა, რომელიც მისი თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ახალ ხალხთან ერთად, დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს”, 8 თებერვალს დაანონსა, როდესაც უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობაზე წარდგენილი არ ყოფილა.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ნაცვლად ვიცე-პრემიერის პოსტის ჩაბარებისა, რაზეც თავდაპირველად იყო საუბარი, ექსპრეზიდენტი “გამოგონილ” და “დაბალ”  თანამდებობაზე დაინიშნა. მიუხედავად ამისა, დააკვირდებიან, “როგორ დააკავებს” კიევი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან, მანამდე კი უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში გამოიძახეს.

“როგორ დააკავებენ ახლა მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდები”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

იგივე ინტერესი აქვს პარლამენტის თავმჯდომარესაც.

“ვნახეთ კომენტარი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უკრაინის პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თავის მოქალაქეს სად დანიშნავს. თუმცა ამ პასუხის შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გვაინტერესებს, თუ ეს მიდგომა არსებობს და ეს პრინციპი მართლაც მუშაობს, მაშინ ყოველდღიურ რეჟიმში მიხეილ სააკაშვილი რატომ ერეოდა და რატომ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და საინტერესოა, უკრაინის ხელისუფლების მიერ კონკრეტულად რა ზომები იქნება მიღებული ამასთან დაკავშირებით”,- თქვა არჩილ თალაკვაძემ.

რას აპირებს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით

მასალების გადაბეჭდვის წესი