ახალი ამბები

პანდემიისას გალის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებს — DRI

11 მაისი, 2020 • 979
პანდემიისას გალის მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების მიღებას ვერ ახერხებს — DRI

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, პანდემიის ფონზე, „მოსახლეობა მოკლებულია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებასა და სასიცოცხლო სერვისებზე წვდომას“.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, „გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს მედიკამენტების მარაგი თითქმის ამოეწურა“, ხოლო მდგომარეობას ის ამძიმებს, რომ კარანტინის რეჟიმისა და დე ფაქტო საზღვრის გადაკეტვიდან გამომდინარე რეგიონში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ვერ ხერხდება მედიკამენტების გაგზავნა.

აგრეთვე, DRI-ის განცხადებით, საკონტაქტო პირმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოს არ აქვს ულტრაბგერის და რენტგენის აპარატი და დოზიმეტრი, ხოლო სასწრაფო დახმარების ავტომობილის გაუმართაობის გამო მედიკოსები გამოძახებაზე დროზე ვერ მიდიან, რაც რიგ შემთხვევაში ფატალურ შედეგს იწვევს.

ორგანიზაციის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის მხრიდან კორონავირუსული ინფექციის პრევენციის პირველ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში, რუხში მდებარე საავადმყოფო დაჩქარებული წესით გაიხსნა და  აფხაზეთიდან პაციენტების მიღების მზადყოფნა გამოთქვეს“, თუმცა, „შემდეგ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის პირობებში წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაში არ გაითვალისწინეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და მათ დასახმარებლად გადასადგმელი ნაბიჯები“.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობას მოუწოდებს, გამოიყენოს თავის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა მოხდეს სოფელ საბერიოში მდებარე სამედიცინო დაწესებულებების საჭირო აღჭურვილობა-მედიკამენტებით უზრუნველყოფა.


დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემების თანახმად, აფხაზეთში კორონავირუსის სულ 9 შემთხვევა დაფიქსირდა. 1 პაციენტი გარდაიცვალა, ორი კი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური თბილისის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლების სტატისტიკას არ ენდობიან.

სოხუმსა და ცხინვალში COVID-19-ის შემთხვევები გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი