ახალი ამბებიეკონომიკა

საიდან შეიძლება ელოდოს საქართველო ტურისტებს წელსვე

11 მაისი, 2020 • 2119
საიდან შეიძლება ელოდოს საქართველო ტურისტებს წელსვე

ილიაუნის ბიზნესსკოლის ტურიზმის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. მისი თქმით, ტურისტთა ნაკადის აღდგენას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება და ამის გამო ბაზრის ბევრი მოთამაშე დამოუკიდებლად ვერ გადარჩება.

სიდამონიძის აზრით, მთავრობის მიერ ტურიზმის ინდუსტრიისთვის შეთავაზებული შეღავათები კარგია, თუმცა სასურველია, სასტუმროებისთვის სუბსიდირების ნაწილში ფიზიკური პირებიც იყვნენ გათვალისწინებული.

საუბარია მთავრობის მიერ სასტუმროებისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსებაზე. ანუ სასტუმროებს, რომელთა წლიური ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, სახელმწიფო სთავაზობს მათი საბანკო პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. დახმარების პროგრამა 6 თვე გაგრძელდება. თუმცა, სიდამონიძის თქმით, ეს შეღავათი მხოლოდ შპს-ებს ეხება და არა ე.წ. საოჯახო სასტუმროებს, რომელთა მფლობელებს სესხი აღებული აქვთ როგორც ფიზიკურ პირებს. უმეტეს შემთხვევაში ეს არის იპოთეკური სესხი.

“ბანკთან სესხის მიზნობრიობის გარკვევა რთული არ იქნება და ამაზე მომავალში მთავრობამ საბანკო სექტორთან უნდა იმუშაოს”, – მიიჩნევს სიდამონიძე, რომელიც წლების წინ ასევე ხელმძღვანელობდა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს.

“ბიზნესს, რომელსაც ექნება ხელშეწყობა, არ იყოს საგადასახადო წნეხის ქვეშ და საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე ჰქონდეს გადავადებული, რა თქმა უნდა, ამოსუნთქვის საშულება ექნება. თუმცა ჩვენი ეკონომიკის ზომიდან გამომდინარე, შეუძლებელია შეღავათები ყველაზე გავრცელდეს. ამიტომ, სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ბაზარს მოთამაშეები გამოეთიშებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ გაუძლებენ მრავალთვიან დაუტვირთავ სეზონს”, – ამბობს სიდამონიძე.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ის საუბრობს, გიდებს ეხება. მისი თქმით, ამ ადამიანების დიდი ნაწილი არსად აღირიცხება, შესაბამისად, სახელმწიფომ მათი იდენტიფიცირება, შემდგომ კი დახმარება უნდა შეძელოს: “თვითდასაქმებული ადამიანები ამ სფეროში მრავლად არიან გიდები, მძღოლები… სავარაუდოდ, უნდა იყოს ამ ადამიანების აღრიცხვიანობის სისტემა, რათა მათთვისაც იყოს გარკვეული ფინანსური დახმარება.”

სიდამონიძე ნეტგაზეთს ეუბნება, რომ საზღვრის გახსნის პირობებშიც კი, ერთი წელი მაინც იქნება საჭირო ტურიზმის სექტორის ასამუშავებლად. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არის სახელმწიფოს დახმარება მნიშვნელოვანი, რათა ამ პერიოდში ბიზნესი საბანკო ვალდებულებების გამო არ გაკოტრდეს.

“არავის აქვს ილუზია, რომ წელს ტურისტული მიმოსვლა ადრინდელივით აღდგება, რადგან თუნდაც საჰაერო მიმოსვლა ეტაპობრივად დაიწყება. საზღვრების გახსნაც საკმაოდ რთული პროცესი იქნება, რადგან აქცენტი უსაფრთხო ქვეყნებზე გაკეთდება. ამასთან, შესაძლოა, თავად ტურისტებმა ბევრი სანიტარული გაიდლაინის პირობებში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან. ამიტომ გვაქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა კონკრეტულ პროცესთან იქნება დაკავშირებული, რომელსაც, ჩემი აზრით, მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება”, – უთხრა ნეტგაზეთს მაია სიდამონიძემ.

სიდამონიძეს ასევე ვკითხეთ, წელსვე რომელი ქვეყნებიდან არის შესაძლო, საქართველო ტურისტებს ელოდოს:

“პირველ რიგში, სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნები [საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი], რადგან შედარებით უსაფრთხო ბაზრებია და პირდაპირი ფრენებიც გვაქვს. სავარაუდოდ, მომხმარებელიც პირდაპირ ფრენებს მიანიჭებს უპირატესობას და ტრანზიტულ ფრენებს თავს აარიდებს.

აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ის ქვეყნები იქნება, რომლებთანაც პირდაპირი ფრენები გვაქვს. შემდეგ იქნებიან საქართველოსთვის ტრადიციული ბაზრები, სადაც ცნობადობა უკვე გვაქვს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტები საიდანაც შემოვლენ, ეს ქვეყნები უსაფრთხო იყოს. მაგალითად, არ ველოდები, რომ ამ ეტაპზე იგივე რუსეთთან გაიხსნას საჰაერო თუ სახმელეთო საზღვარი, რადგან მიზანშეწონილი არ არის. იქ ვირუსის გავრცელების პროცესი ჯერჯერობით მიდის. თუმცა სხვა სიტუაციაა, როგორც ვთქვი, სპარსეთის ყურის რეგიონში, სამხრეთ კორეაში, სადაც ასევე გვაქვს პირდაპირი რეისები. თუნდაც ყაზახეთი, უზბეკეთი…”

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ამოქმედების  გეგმა 7 მაისს წარმოადგინა. ის მოიცავს როგორც ქვეყნის გახსნის ეტაპებს საერთაშორისო და შიდა ტურისტებისათვის, ისე – დახმარების პაკეტებს ტურიზმის სფეროში მომუშავე კერძო და იურიდიული პირებისათვის. საგადასახადო და სესხის პროცენტის სუბსიდირების გარდა, სახელმწიფო სასტუმროებს  ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობასაც გაუწევს სუბსიდირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი