ახალი ამბები

ახალი კორონავირუსი კაცის სპერმაშიც აღმოაჩინეს – კვლევა

8 მაისი, 2020 • 1155
ახალი კორონავირუსი კაცის სპერმაშიც აღმოაჩინეს – კვლევა

ჩინელი სპეციალისტების გუნდმა ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული კაცების სპერმის მცირე ნაწილში COVID-19 აღმოაჩინა. მათივე თქმით, ის შესაძლოა დარჩეს კაცის სპერმაში გამოჯანმრთელების პროცესის დაწყების შემდეგაც. ჩინელი სპეციალისტების ეს მიგნება  ზრდის შანსს, რომ COVID-19, შესაძლოა, სქესობრივი გზითაც  გადაეცეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს დეტალი დაზუსტებული არ არის.

CNN-ის თანახმად, შანგციუს მუნიციპალური ჰოსპიტალის მკვლევართა გუნდმა 38 კაცს ჩაუტარა ტესტი, რომლებიც ამავე დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათგან 16%-ის შემთხვევაში გამოვლინდა მტკიცებულება, რომელიც მათ სპერმაში კორონავირუსის არსებობას ადასტურებდა. აქედან მეოთხედის შემთხვევაში ინფექცია კრიტიკულ ეტაპზე იყო, 9% კი- გამოჯანმრთელების გზაზე.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ SARS-CoV-2 შეიძლება  არსებობდეს COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა სპერმაში. ასევე, SARS-CoV-2 შესაძლოა, კვლავ გამოვლინდეს იმ პაციენტთა სპერმაში, რომლებიც გამოჯანმრთელების პროცესში არიან”, – წერენ სპეციალისტები.

CNN-ის თანახმად, ეს გასაკვირი არ არის. მრავალი ვირუსი შეიძლება ცხოვრობდეს კაცის რეპროდუქციულ ტრაქტში. მაგალითად, აღმოჩენილია, რომ ებოლა და ზიკა ზოგჯერ თვეობითაც კი რჩება სპერმაში პაციენტის გამოჯანმრთელების შემდეგ.

აღნიშნული მიგნება არ ნიშნავს კორონავირუსის სქესობრივი გზით გადაცემის შესაძლებლობის დადასტურებას. სპეციალისტთა თქმით, ეს სამომავლო კვლევების საკითხია. მათივე თქმით, ამ მოცემულობით, პრევენციულ ზომებს შორის მოიაზრება კონდომის გამოყენება, ან სქესობრივი ურთიერთობებისაგან თავშეკავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი