ახალი ამბები

“მოგონილი თანამდებობაა” – კალაძე სააკაშვილის დანიშვნაზე

8 მაისი, 2020 • 2061
“მოგონილი თანამდებობაა” – კალაძე სააკაშვილის დანიშვნაზე

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის რეფორმების აღასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს “მოგონილი თანამდებობაა” და სკეპტიციზმს იწვევს.

კალაძე აღნიშნავს, რომ რადამ სწორი გადაწვყეტილება მიიღო, სააკაშვილი ვიცე-პრემიერად რომ არ აირჩიეს:

“პირველ რიგში, რადას დეპუტატებს მინდა მადლობა გადავუხადო იმ გონიერი და სწორი გადაწყვეტილებისთვის, რომ სააკაშვილს არ მისცეს შესაძლებლობა ვიცე-პრემიერად განწესებისთვის. თუმცა მისი, ვიტყოდი, ესეც მოგონილი თანამდებობაა და გარკვეულ სკეპტიციზმს იწვევს ჩვენს ხელისუფლებაში. როგორც საკუთარი ქვეყნის წარმატება გაგვიხარდება, ისე გაგვიხარდება უკრაინის წინსვლაც. თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მასთან დაკავშირებით მიიღეს – ჩვენ ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს”,- ამბობს კახა კალაძე.

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული ბრძანებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. კომიტეტი რეფორმების ეროვნული საბჭოს ნაწილია.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტს სააკაშვილის დანიშვნის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 7 მაისს მოაწერა.

“გულწრფელად ვულოცავ მიხეილ სააკაშვილს. მჯერა, ის შეძლებს მისცეს იმპულსი რეფორმების ნაციონალურ საბჭოს და დაეხმაროს მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც შეცვლის ამ ქვეყნის ცხოვრებას”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.

მანამდე, 22 აპრილს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მას უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტის დაკავება შესთავაზა.

მის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების პროტესტი მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ სააკაშვილის ვიცე-პრემიერობას „კატეგორიულად მიუღებელი“ უწოდა, რაზეც უკრაინის რადას უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „უკრაინას ვერავინ ეტყვის, ვინ დანიშნოს ვიცე-პრემიერად და ვინ არა“.

უკრაინის პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილების გამო საქართველომ ელჩი უკრაინაში კონსულრაციებისთვის გამოიხმო.

რატომ არ დაინიშნა სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად – არახამიას განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი