ახალი ამბები

საბერძნეთი ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს

7 მაისი, 2020 • 1239
საბერძნეთი ტურისტების მიღებას პირველი ივლისიდან გეგმავს

საბერძნეთი ტურისტებს, სავარაუდოდ, პირველი ივლისიდან მიიღებს. როგორც CNN წერს, ქვეყანა ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც COVID-19-ით გარდაცვლილთა მცირე რაოდენობა შეინარჩუნა და შეზღუდვების მოხსნა დაიწყო.

მიმდინარე კვირაში საბერძნეთში სილამაზის სალონებს, წიგნის მაღაზიებსა და რამდენიმე სხვა სახის ბიზნესს საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცეს, ზაფხულიდან კი ქვეყანა ტურისტების მიღებას გეგმავს.

საბერძნეთში ფიქრობენ, რომ ქვეყანაში დანერგილი ტესტირების სისტემა მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის ხელახლა გავრცელების რისკებს. ქვეყანაში ჩასულ პირებს ახალ კორონავირუსზე ტესტავენ და პასუხებს 12 საათის განმავლობაში აწვდიან.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს, რომ მსგავს ზომებს სხვა ქვეყნებიც მიიღებენ და მგზავრებს თვითმფრინავში ასვლამდე ჩაუტარდებათ ამგვარი ტესტირება და ბორტზე ასვლას ის პირები შეძლებენ, რომლებიც უარყოფით პასუხს მიიღებენ.

როგორც CNN წერს, საბერძნეთის ეკონომიკის 20%-ს ტურიზმიდან შემოსული თანები შეადგენს, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. საბერზნეთმა 2019 წელს 31 მილიონ ტურისტს უმასპინძლა, რაც ქვეყნის პოპულაციაზე სამჯერ მეტია. ყოველი მეოთხე ბერძენი კი ტურიზმის ან მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიაშია დასაქმებული.

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, საბერძნეთში მომუშავე სასტუმროების 65% შიშობს, რომ კრიზისის გამო გაკოტრდება. პირველი ივლისიდან ქალაქებში მდებარე სასტუმროების გახსნა იგეგმება, სეზონურ კურორტებზე კი დაწესებულებები ვიზიტორებს, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყებენ.

მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზებისა, ქვეყნის პერმიერი აღნიშნავს, რომ უცნობია, როდის განახლდება საერთაშორისო ფრენებ. ეს კითხვა ამ სექტორში მომუშავეთა 90 პროცენტს აწუხებს, ახლახან ჩატარებული კვლევის მიხედვით.

ამჟამად საბერძნეთში COVID-19-ის 2,678 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან, 148 დაიღუპა 1,374 კი – გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ახალ კორონავირუსზე 87,052 ტესტია ჩატარებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი