ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ ნარკოტიკების ჩადების საქმეზე დარღვევა დაადგინა – საია

7 მაისი, 2020 • 1865
სტრასბურგის სასამართლომ ნარკოტიკების ჩადების საქმეზე დარღვევა დაადგინა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საია-ს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივ საქმეზე მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკის დროს მომჩივანს დაუსაბუთებლად არ მიეცა დამსწრეების მოწვევის უფლება და ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს მისი არგუმენტი პოლიციელთა მხრიდან ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.

საია-ს ინფორმაციით, მერაბ მეგრელიშვილი 2007 წლის 3 ივლისს მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. სოდ-ის თანამშრომლებმა მომჩივნის მანქანაც გაჩხრიკეს. შედეგად, მომჩივნის შარვლის ჯიბიდან და მანქანის უკანა სავარძლიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. იმავე დღეს სოდ-ის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს მომჩივნის ბინასა და ავტოფარეხში, საიდანაც ასევე ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები.

ოთხივე ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა და მხოლოდ მოგვიანებით ცნო სასამართლომ ისინი კანონიერად. სოდ-ის თანამშრომლებმა მომჩივანს და მისი ოჯახის წევრებს ჩხრეკაზე დამსწრეების მოწვევაზე უარი განუცხადეს. მომჩივანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ხელი არ მოაწერეს ჩხრეკის ოქმებს, განმარტეს რა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მათ სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანი დამნაშავედ ცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მეგრელიშვილმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2009 წლის 18 მაისს მიმართა. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა. სტრასბურგის სასამართლომ  საჩივარი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საქართველომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაარღვია. სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება:

  • ჩხრეკები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არ ერთვოდა  სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეაფასეს ინფორმაციის საფუძვლიანობა, მათ შორის, რამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ჩხრეკის ჩასატარებლად, რამდენად საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ მომჩივანს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები ან/და რა სახის ნარკოტიკი ჰქონდა თან და არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საჭიროება.
  • დადგენილებები ჩხრეკების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების შესახებ არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას იმ მიზეზების შესახებ, რაც გაამართლებდა ჩხრეკის ჩატარებას სასამართლოს განჩინების გარეშე.
  • სოდ-ის თანამშრომლების უარი ჩხრეკებზე დამსწრეების მოწვევასთან დაკავშირებით არ იყო დასაბუთებული. მართალია, მათ მიუთითეს გადაუდებელ აუცილებლობაზე, თუმცა ჩვენებებში ან/და პოლიციის პატაკში ვერ დაასაბუთეს, კონკრეტულად რა სახის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომელიც გაამართლებდა მომჩივნისთვის ამ უფლების შეზღუდვას.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ევროპულმა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ მომჩივანს უარი უთხრა ჩატარებული ჩხრეკების უკანონოდ ცნობაზე იმ არგუმენტით, რომ ჩხრეკის კანონიერება სასამართლოს უკვე შემოწმებული ჰქონდა. ხოლო სააპელაციო სასამართლომ მომჩივანს შაბლონურად, სათანადო დასაბუთების გარეშე უპასუხა, რომ სახეზე არ იყო პროცედურული დარღვევები.

სასამართლომ ასევე, აღნიშნა, რომ ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება მოხდა ჩხრეკის შედეგად, არ იყო გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

საია ამბობს, რომ ბოლო წლებში არაერთი გახმაურებული საქმე ყოფილა, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან იარაღის ან/და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ჩადების თაობაზე აჩენდა ეჭვებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ევროპულ სასამართლოში დამატებით სამი საქმე აქვს წარდგენილი, რომელიც იდენტურ პრობლემებს ეხება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი