ახალი ამბები

კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის — ამერიკელი გენერალი

6 მაისი, 2020 • 1363
კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი არ არის — ამერიკელი გენერალი

აშშ-ის შტაბების ხელმძღვანელთა კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, არსებული ცნობებიდან გამომდინარე, კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი ან ჩინური ლაბორატორიიდან სპეციალურად გამოშვებული არაა, იუწყება The Hill.

„მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ ვირუსი ბუნებრივია და არაა ხელოვნურად შექმნილი. მეორე საკითხია, ის შემთხვევით „გამოუშვეს“ [ლაბორატორიიდან], თავად გავრცელდა ბუნებაში, თუ განზრახ [გამოუშვეს ლაორატორიიდან]? ამაზე საბოლოო დასკვნა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ახლანდელი ცნობების თანახმად, დიდი ალბათობით, [ვირუსის გავრცელების] განზრახვა არ ყოფილა“, — განაცხადა მილიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ არაერთი სამოქალაქო და სამთავრობო უწყება სწავლობს ვირუსის წარმოშობის საკითხს.

მილის განცხადება, რომლის მსგავსი ენტონი ფაუჩიმაც გააკეთა, ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებებს — ისინი ამბობენ, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელდა.

გარეკანის ფოტოზე: გენერალი მარკ მილი. ფოტო: AP Photo/Jacquelyn Martin

მასალების გადაბეჭდვის წესი