აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელისა და კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის წევრის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ახალი კორონავირუსი, რომელმაც მსოფლიოში პანდემია გამოიწვია, ვუჰანის ლაბორატორიაში შექმნილი არ არის. ამის შესახებ მან National Geographic-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან ერთად, აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები — პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო – აცხადებენ, რომ არსებობს იმის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში შეიქმნა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
„თუ შეხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში და იმას, რა გვაქვს ახლა, [სამეცნიერო მტკიცებულებები] ძალიან, ძალიან იხრება იმისკენ, რომ ეს არ შეიძლება ხელოვნურად ან ნებით იყოს შექმნილი… ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ, დროის განმავლობაში ევოლუციაზე მიანიშნებს, [ვირუსმა] ბუნებაში განიცადა ევოლუცია და შემდეგ სახეობადან სახეობას გადაეცა“, — მოჰყავს ჟურნალს ფაუჩის სიტყვები.
გარდა ამისა, NT წერს, რომ ფაუჩის არ სჯერა არც ალტერნატიული თეორიის, რომლის თანახმადაც, კორონავირუსი ველურ ბუნებაში აღმოაჩინეს, ლაბორატორიაში მიიტანეს და შემდეგ იქიდან ის შემთხვევით „გამოიპარა“.