ახალი ამბები

საქართველო Freedom House-ის ანგარიშში

6 მაისი, 2020 • 1819
საქართველო Freedom House-ის ანგარიშში

Freedom House ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

ახალ ანგარიშში „Dropping the Democratic Facade“ („დემოკრატიული ფასადის მიტოვება“) საუბარია ქართველი ოპოზიციონერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე, ულტრა-ემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებასა და პარლამენტის წინ მოქალაქეების საპროტესტო დემონსტრაციებზე.

ორგანიზაცია წერს, რომ სასამართლოს მიმართულებით საქართველოს რეიტინგი შემცირდა, რაც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს უკავშირდება. მთლიანობაში, ყველა კატეგორიის შეჯამებით, საქართველოს 100 შესაძლო ქულიდან 38 ქულა აქვს, რაც Freedom House-ის შეფასებით – გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნის მაჩვენებელია, საქართველო ამავე კატეგორიაში ხვდებოდა წინა წლებშიც.

ანგარიშში, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, საუბარია, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის დანიშვნაზე, რომელსაც ისე აფასებენ, როგორც „დისფუნქციურ და არაპროფესიონალურ“ პროცესს.

გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა მამუკა ხაზარაძის სასამართლო პროცესი და გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის საქმე.

ამასთანავე, დოკუმენტში ხაზგასმულია პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება, რასაც ოპოზიციური პარლამენტარების მხრიდან პარლამენტის საქმიანობის ბოიკოტი და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს კრიზისი საბოლოოდ ჩაცხრა ევროპელი და აშშ-ის დიპლომატების ჩართვის შემდეგ.

ამ ანგარიშს მნიშვნელოვნად აფასებენ  ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ამბობენ, რომ ასეთი მწვავე შეფასება ხელისუფლებისთვის ერთგვარი სიგნალი უნდა იყოს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაცია პოლიტიკური მოტივით დაკავებებსა და სასამართლო პროცესებზე საუბრობს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნასა და სასამართლოს. მკაფიოდაა შეფასებული, რომ სასამართლო არის მთლიანად დაქვემდებარებული ხელისუფლებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ანგარიშში კონკრეტულად არის მოხსენებული გიგი უგულავაც, მამუკა ხაზარაძეც და ის კლიმატიც, რომელსაც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დევნა ქმნის“, – ამბობს რუსთავი 2-თან „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, პარტიის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გამოქვეყნებულ ანგარიშში რიგი უზუსტობებია, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით. ჟურნალისტებთან ის ამბობს, რომ ამაზე ვრცელ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დოკუმენტს დეტალურად წაიკითხავს.

ანრი ოხანაშვილი კი ამბობს, რომ ანგარიშში სასამართლოს საკითხზე მსგავსი შეფასება უცნაურია, რადგან:

„აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის განცხადებით,  ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები სასამართლო სისტემაში შეფასებულია როგორც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, სასამართლი სისტემის მეტი განვითარებისთვისა და გამჭვირვალობისთვის.

შესაბამისად, უცნაურია, რომ ამ ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენციები ეწინააღმდეგებიან აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის მიერ გაცხადებულ პრინციპზე“, – ამბობს ანრი ოხანაშვილი. 


Freedom House-ის მიერ მანამდე გამოქვეყნებული მეორე, გლობალური ანგარიშის – „თავისუფლება მსოფლიოში 2020“ – თანახმად, საქართველოს რეიტინგი წინა წლებთან შედარებით გაუარესდა. ქვეყანამ იმ ანგარიშში 100 შესაძლო ქულიდან 61 დააგროვა, რაც ორგანიზაციის შეფასებით- „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნის კატეგორიაში ჯდება.

შედარებისთვის, 2018 წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019 წელს კი – 63.

ანგარიშში მოხვდა 20 ივნისის აქციის დარბევა, პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდება და ა.შ.

ანგარიშში ქვეყნის თავისუფლება რამდენიმე კატეგორიისა და ამ კატეგორიისთვის მინიჭებული ქულებით იყოფა, თითოეული ასეთი კატეგორია კი, თავის მხრივ, ქვეკატეგორიებად იშლება. საქართველოს რეიტინგის შემცირება განაპირობა ორ ასეთ კატეგორიაში ქულების საერთო რაოდენობის კლებამ.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წინა წლებთან შედარებით ორ კატეგორიაში ქვეყანას ქულები შეუმცირდა, კერძოდ კი – პოლიტიკური პლურალიზმისა და მონაწილეობისა და შეკრების უფლების კატეგორიაში.

აქვთ ადამიანებს უფლება, თავიანთი არჩევანის მიხედვით ჩამოაყალიბონ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ან კონკურენტუნარიანი პოლიტიკური პარტიები?  – ამ ქვეკატეგორიაში საქართველოს 2019 წელს 3 ქულა ჰქონდა, წელს კი – 2 აქვს.

Freedom House ანგარიშში წერს, რომ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის ფონზე, 2019 წელს სიტუაცია გაუარესდა. ამის მაგალითად ანგარიშში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის 2008 წლის საქმეა მოყვანილი, რომლებსაც ე.წ. ფულის გათეთრებას ედავებიან.

ორგანიზაცია ასევე წერს, რომ საქართველომ ქულები დაკარგა შეკრების თავისუფლების ქვეკატეგორიაშიც.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ხშირად სრულდება შეკრების თავისუფლების უფლება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პოლიცია დემონსტრანტების საპასუხოდ გადამეტებულ ძალას იყენებს.

ამის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია 20 ივნისის აქციისა და ნოემბერში, პროპორციულის საარჩევნო სისტემის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტთან დემონსტრანტების დაშლა. რა დროსაც გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.

გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია ასევე ლგბტ თემის მიერ ორგანიზებულ „თბილისი პრაიდზე“, რომელთა ორგანიზატორები მაშინ ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ აქციის მიმდინარეობისას უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა.

პარალელურად, Freedom House  ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც 2014 წელს მიიღეს და სხვადასხვა ჯუგფს, მათ შორის, ლგბტ თემს უნდა იცავდეს, აღსრულების თვალსაზრისით ზოგჯერ ხარვეზიანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი