ახალი ამბები

ანტიკრიზისულ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები თანაბრად არ არის გათვალისწინებული – სახალხო დამცველი

5 მაისი, 2020 • 1130
ანტიკრიზისულ გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები თანაბრად არ არის გათვალისწინებული – სახალხო დამცველი

“საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში შექმნილი გამოწვევების პასუხად მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს, თუმცა გეგმაში შშმ პირთა საჭიროებები სათანადოდ არ არის გათვალისწინებული”, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, დახმარების გარეშე რჩებიან მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც სახელმწიფო დახმარების მიღება შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობიდან გამომდინარე აქვს შეზღუდული.

“მსგავსი სოციალური პოლიტიკა შშმ პირებთან მიმართებით არ არის მართებული. კერძოდ, გეგმით გათვალისწინებული ბენეფიტებით სარგებლობა ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შეფასების სამედიცინო მოდელის მიხედვით დადგენილ სტატუსს. აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გეგმის ეფექტურობას, რადგან დახმარება უნდა ეფუძნებოდეს არა შეზღუდვის სამედიცინო ხარისხს, არამედ ამ პირთა რეალურ სოციალურ საჭიროებებს, რომელიც მოცემულ ვითარებაში აქვთ დასახელებულ პირებს

მაშინ, როდესაც ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია შშმ პირებისთვის მოქმედი სხვადასხვა პროგრამა, სერვისები ნაწილობრივ ხორციელდება დისტანციურად, რაც ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია და სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ამ პირთა მომსახურებას, ოჯახები ვერ უმკლავდებიან შშმ პირთა სოციალურ საჭიროებებს, ხოლო ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ქმედით ღონისძიებებს არ ატარებენ, სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს დაგეგმილი საქმიანობის გადახედვას და მასში ცვლილებების შეტანას”, – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველი ხელისუფლებისგან ითხოვს, გადახედოს ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას და მასში გაითვალისწინოს შშმ პირთა მხარდამჭერი ღონისძიებები, მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად. ასევე მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ ანტიკრიზისულ ღონისძიებებში მაქსიმალურად მოიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯგუფები, მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებების (ჰიგიენური მოვლის საშუალებები, მედიკამენტები, სხვა) გათვალისწინებით და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინოს ხედვა, თუ რა ვადებში განხორციელდება შშმ პირის სტატუსის მინიჭების სისტემის დაწყებული რეფორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი