ახალი ამბები

საქართველოში პაციენტები რემდესივირს მიიღებენ კვლევის ფარგლებში – გაბუნია

5 მაისი, 2020 • 1350
საქართველოში პაციენტები რემდესივირს მიიღებენ კვლევის ფარგლებში – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ კვლევაში ჩაერთვება, რომლის ფარგლებშიც, სხვა ექსპერიმენტულ მედიკამენტებთან ერთად, ქვეყანას წვდომა რემდესივირზე ექნება.

თამარ გაბუნიას თქმით, რემდესივირის გარდა, კვლევაში კიდევ 3 სხვა პრეპარატი იქნება გამოყენებული და მასში ჩართვის შესაძლებლობა COVID-19-ის მქონე მძიმე პაციენტებს ექნებათ. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ კვლევაში ჩართვისთვის მკაცრი კრიტერიუმებია დადგენილი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა, საქართვლეომ კი 7 დაწესებულება შეარჩია, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს COVID პაციენტების, განსაკუთრებით, მძიმე შემთხვევების მართვა.

გაბუნიას თქმით, კვლევაში მთავარი ფლაგმანი ინფექციური კლინიკა იქნება და ის გაუწევს ზედამხედველობას სხვა კლინიკებში რემდესივირის საკვლევად გამოყენებას. ხოლო რომელი პაციენტისთვის ექსპერიმენტული მკურნალობის რომელი ფორმა იქნება ხელმისაწვდომი, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მედიკოსები მიიღებენ კლინიკური სურათის მიხედვით:

“პაციენტების ჩართვა ამ ჯგუფებში მოხდება მკვლევრების გადაწყვეტილების შესაბამისად. ერთ-ერთი მხარე ითვალისწინებს პლაქველინის გამოყენებასაც. არის კიდევ ერთი მხარე, რომელიც ითვალისწინებს აქამდე შიდსის საწინააღმდეგოდ გამოყენებული ანტივირუსული პრეპარატის გამოყენებას, რომელსაც წინასწარი ჰიპოთეტური შეფასებით აქვს გარკვეული იმედის მომცემი შედეგები კორონავირუსის წინააღმდეგ მკურნალობის პროცესში”, – ამბობს გაბუნია.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მაისის ბოლოსთვის 4-ივე პრეპარატი უკვე ქვეყანაში იქნება და კვლევა დაიწყება.

“სოლიდარობის კვლევა” ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივაა და მასში არაერთი ქვეყანაა ჩართული. კვლევის მიზანია, მოკლე დროში მოხდეს COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტის მოძიება.

რას (არ) ამბობენ კვლევები რემდესივირზე

მასალების გადაბეჭდვის წესი