ახალი ამბები

ძირითად პროდუქციაზე ფასები შენარჩუნებული, ან მცირედ გაზრდილია – მინისტრის მოადგილე

5 მაისი, 2020 • 1236
ძირითად პროდუქციაზე ფასები შენარჩუნებული, ან მცირედ გაზრდილია – მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფებში ფასების ზრდა ახლად შემოსაულმა ხილმა და ბოსტნეულმა განაპირობა, რაც, როგორც წესი, თვიურ ინფლაციაზე გავლენას ახდენს. მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 4 მაისის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში საკვები პროდუქტები გაძვირდა.

ხანიშვილი ასევე საუბრობს მთავრობის მიერ რამდენიმე სახეობის პროდუქტის სუბსიდირებაზე, რათა მათზე ფასების მკვეთრი ზრდა არ ყოფილიყო. როგორც ის ირწმუნება, სუბსიდირების მეშვეობით, სამომხმარებლო კალათის ძირითად პროდუქტზე ფასები ან შენარჩუნდა, ან მცირედით გაიზარდა.

“მთავრობამ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის დააზღვია საფასო პოლიტიკა იმ სასაქონლო ჯგუფებზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა, ერთი მხრივ, ინფლაციური პროცესების ზრდა გვქონდეს სახეზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ძირითად პროდუქციაზე, რომელსაც მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა, ფასები შენარჩუნებული ან მცირედ გაზრდილია”, – ამბობს ხანიშვილი.

ხანიშვილი რეგიონებიდან აგრარული პროდუქტის ტრანსპორტირების პრობლემებზეც საუბრობს, რასაც, მისი თქმით, “საწყის ეტაპზე” მარნეულში პრობლემა შეექმნა. რამდენიმე კვირის წინ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ საგანგებო რეჟიმის პირობებში აქცია გამართა, სადაც ითხოვდნენ, რომ პროდუქტის (ძირითადად კიტრის) მანქანებით გატანის შესაძლებლობა მიეცათ. როგორც მოქალაქეები აცხადებდნენ, ტონობით კიტრი სახლში უფუჭდებოდათ, რადგან ხელისუფლება ჩაკეტილი მუნიციპალიტეტიდან მანქანით გატანის საშუალებას არ აძლევდა.

“კარანტინის დასაწყისში, მარნეულში იყო გარკვეული ემოციური მუხტი, როდესაც თითქოს მანქანები ვერ შედიოდნენ, თუმცა დღეისათვის, დაახლოებით 200 მანქანაზე მეტი შედის და გამოაქვს პროდუქცია, რომელიც შემდგომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ბაზარზე ხვდება”, – ამბობს მინისტრის მოადგილე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში ინფლაცია 6.9% იყო. გასულ თვეს ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (17.7 %), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.1 პროცენტი), თევზეული (6.2%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3%), პური და პურპროდუქტები (1.6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2%), ზეთი და ცხიმი (0.9%).

მასალების გადაბეჭდვის წესი