ახალი ამბები

“თარგმნეთ ფრანგულად!” – ფრანგები შეცდომით Stop Covid-ის ქართულ აპლიკაციას იწერენ

4 მაისი, 2020 • 1602
“თარგმნეთ ფრანგულად!” – ფრანგები შეცდომით Stop Covid-ის ქართულ აპლიკაციას იწერენ

მთავრობის მიერ  Covid-19-ის სამართავად შექმნილ აპლიკაციასთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობები ჯერ არ შეუსწავლიათ, თუმცა, Business Insider-ის თანახმად, უკმაყოფილებაა საფრანგეთის მოქალაქეებს შორის: არაერთმა ფრანგმა ქართული აპლიკაცია გადმოწერა სახელწოდების ფრანგულთან მსგავსების გამო, ახლა კი ვერ გაურკვევია, რატომ ვერ იყენებს მას მშობლიურ ენაზე.

საფრანგეთის მთავრობამ მსგავსი აპლიკაციის შექმნა ჯერ კიდევ აპრილში დააანონსა, თუმცა კონფიდენციალობასთან დაკავშირებული დისკუსიის ფონზე, გეგმები სისრულეში ჯერ არ მოუყვანიათ.  Business Insider-ის ფრანგული გამოცემის თანახმად, არაერთი ფრანგი დააბნია ქართული აპლიკაციის სახელწოდებამ და ის შეცდომით გადმოწერა.

“თარგმნეთ ფრანგულად. ამას არავინ იყენებს”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი აპლიკაციის კომენტარებში App Store-ზე და აკრიტიკებს ქართულად და ინგლისურად მომუშავე Stop Covid-ის მშობლიურ ენაზე ხელმიუწვდომლობას. საპასუხოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მას უხსნის, რომ ეს ფრანგული აპლიკაცია არ არის. დაბნეულობა პლატფორმის შეფასებაზე უკვე აისახა: App Store-ზე მას 2.7 ქულა აქვს 5-დან.

საქართველოს მთავრობის ცნობით, აპლიკაცია Stop Covid მომხმარებელს ანიჭებს უნიკალურ ID-ს, რისი მეშვეობითაც ანონიმურად განისაზღვრება სოციალური კონტაქტები აპლიკაციის მომხმარებლებს შორის.

საფრანგეთის მთავრობა მსგავს აპლიკაციაზე მუშაობს, თუმცა პროცესი არ დასრულებულა მის გარშემო მიმდინარე დისკუსიისა და არსებული ეჭვების გამო. პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების ნაწილი იდეას სკეპტიკურად უყურებს და სვამს კითხვას, როგორ გამოიყენებენ მათ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც აპლიკაციის გამოსაყენებლად უნდა გასცენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი