ახალი ამბები

“დისტანციური სწავლებით დაზოგილი თანხა სტუდენტების სუბსიდირებას მოხმარდეს” – HRIDC

4 მაისი, 2020 • 1885
“დისტანციური სწავლებით დაზოგილი თანხა სტუდენტების სუბსიდირებას მოხმარდეს” – HRIDC

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, რომლის გამოც სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, უნივერსიტეტებს მოუწოდებს, მთავრობასთან ერთად გაითვალისწინონ შექმნილი მდგომაროება და ხელი შეუწყონ სტუდენტებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით არ აქვთ შესაძლებლობა, სრულყოფილად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სტუდენტების მიერ გადახდილი თანხის ნაწილი საუნივერსიტეტო სწავლებისთვის საჭირო ისეთ კომპონენტებს ხმარდება, როგორიცაა აუდიტორიები, ლოჯისტიკა, კონფერენციები და ტრენინგები, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას პირდაპირ უკავშირდება. “ადამიანის უფლებების ცენტრი მიიჩნევს, რომ “დისტანციური სწავლებისას ეს კომპონენტები არ გამოიყენება და, შესაბამისად, მასზე არც თანხა იხარჯება.

ორგანიზაცია მოუწოდებს უნვიერსიტეტებს, ეს თანხა სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების სუბსიდირებისთვის გამოიყენონ:

“გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სტუდენტების მიერ გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი ხმარდება საუნივერსიტეტო სწავლებისთვის საჭირო ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა, მაგალითად – აუდიტორიები, ლოჯისტიკა, კონფერენციები თუ ტრენინგები, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას პირდაპირ უკავშირდება და დისტანციური სწავლებისას ჯერჯერობით არ გამოიყენება.

შესაბამისად, სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასურიდან მათზე თანხები არ იხარჯება. ამიტომ უნივერსიტეტებმა უნდა უზრუნველყონ თანხის ამ ნაწილის დაბრუნება, ან მიმართონ მსგავსი საჭიროების მქონე სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების სწავლის საფასურის სუბსიდირებაში, გამჭვირვალე და სამართლიანი მექანიზმებით” ,- აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები ანგარიშში, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ადამიანის უფლებებს მიმოიხილავს.

ორგანიზაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების პერსპექტივაზეც ამახვილებს ყურადღებას. “ადამიანის უფლებების ცენტრში” აცხადებენ, რომ მთავრობის თქმით, ნაადრევია ამ ეტაპზე გამოცდების გადადებაზე საუბარი, თუმცა კონკრეტული გეგმა არავის წარმოუდგენია და, რამდენადაც დაავადების გავრცელების წინასწარ პროგრნოზირება შეუძლებელია, ორგანიზაციაში გეგმის დროულად შემუშავების საჭიროებაზე საუბრობენ:

“კორონავირუსმა, შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებაზეც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, გამოცდების გადადებაზე ან რაიმე სახის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია. იგივე შინაარსის განაცხადება გაავრცელა საქართველოს პრემიერ- მინისტრმაც.

სახელმწიფოს ჯერჯერობით ამ საკითხის მიმართ რაიმე კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენია. თუმცა, ვინაიდან კორონავირუსის გაგრძელების ვადის პროგნოზირება შეუძლებელია, აუცილებელია, სახელმწიფომ წინასწარ შეიმუშაოს აღნიშნული საკითხის კოორდინაციის სავარაუდო გეგმა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი