ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ერთი წლით ვერ გამოვიკეტებით” – სომხეთი შეზღუდვების ნაწილს აუქმებს

4 მაისი, 2020 • 1925
“ერთი წლით ვერ გამოვიკეტებით” – სომხეთი შეზღუდვების ნაწილს აუქმებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე – ბრძოლის დეცენტრალიზებულ მეთოდზე გადადის.

დღეიდან, 4 მაისიდან სომხეთში დაშვებულია ეკონომიკური საქმიანობა და გადაადგილება, მათ შორის- საქალაქთაშორისო. გაიხსნება ღია რესტორნები და კაფეები, ბოტანიკური ბაღები, ზოოპარკი და ნაკრძალები.  დღეიდან სომხეთში იხსნება სილამაზის სალონები, ქიმწმენდები. თუმცა, ოფიციალური ცნობითვე, ყოველივე ეს მკაცრად გაწერილი რეგულაციებით იმუშავებს – უსაფრთხოების ნორმები [დისტანცია, ნიღბები] მკაცრად უნდა იყოს დაცული.

შეზღუდვები იხსნება როგორც საბითუმო, ასევე, საცალო ვაჭრობაზე, თუმცა ჯერჯერობით არ გაიხსნება დიდი ბაზრობები და მსხვილი სავაჭრო ცენტრები.

რაც შეეხება შეზღუდვებს, ჯერჯერობით ძალაში რჩება საგანმანათლებლო სფერო, რომელიც საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში განახორციელებს, ასევე შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტს, რომელიც ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, როგორც ფაშინიანი ამბობს, მეტ-ნაკლებად საშიშია.

“ძირითადი მიზეზი აღნიშნული ნაბიჯისა არის ის, რომ შემდეგი წლის მარტი-აპრილის ჩათვლით ახალი შემთხვევები გარდაუვალი იქნება, ამავე დროს კი ჯერ ვაქცინაც არ არსებობს.

შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, 4 მაისიდან უზრუნველვყოთ კორონავირუსთან თანაარსებობის პირობები. დამეთანხმეთ, რომ შეუძლებელია ერთი წელი ჩაკეტილი ვიყოთ. დარწმუნებული რომ ვიყოთ იმაში, რომ ყველაზე ხისტი შეზღუდვების რეჟიმით მოკლე დროში პანდემიაზე გავიმარჯვებთ, შეიძლებოდა ასეთი გადაწყვეტილებაც მიგვეღო, მაგრამ ეს შეუძლებელია”, – ამბობს ფაშინიანი.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო, 3 მაისის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 2386 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 35 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი