ახალი ამბები

გერმანიაში სრულად აიკრძალა “ჰეზბოლას” საქმიანობა

1 მაისი, 2020 • 1508
გერმანიაში სრულად აიკრძალა “ჰეზბოლას” საქმიანობა

გერმანიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით ისლამისტური ორგანიზაცია”ჰეზბოლას” აქტივობები აკრძალა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიცია შევიდა მეჩეთებსა და ცენტრებში, რომლებიც დაჯგუფების სახელთან არის დაკავშირებული.

“ჰეზბოლა” 80-იან წლებში ლიბანში ჩამოყალიბებული და ირანის მიერ მხარდაჭერილი შიიტური დაჯგუფებაა, რომელიც პოლიტიკურ და სამხედრო ფრთას აერთიანებს. გერმანიას აქამდეც აკრძალული ჰქონდა ორგანიზაციის სამხედრო ფრთის აქტივობები, თუმცა პოლიტიკური განშტოება ქვეყანაში საქმიანობას განაგრძობდა.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც დაასკვნეს, რომ დაჯგუფება იდგა “თავდასხმების უკან, რამაც ასობით ადამიანის დაღუპვა და დაზარალება გამოიწვია მსოფლიოს გარშემო”. CNN-ის თანახმად კი, აღნიშნულ ნაბიჯს წინ უძღოდა შესაბამისი კამპანია აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან. გასული წლის დეკემბერში მთავრობას პარლამენტმაც მოუწოდა ორგანიზაციის აკრძალვისაკენ.

“ჰეზბოლა” გავლენიანი ძალაა ლიბანში და ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის ერთ-ერთ საკვანძო მხარდამჭერად მიიჩნევა. პარტია ეწინააღმდეგებოდა ლიბანში გასულ წელს მიმდინარე ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრ საად ჰარირის გადადგომას, მისი მხარდამჭერები კი არაერთხელ დასხმიან თავს მომიტინგეთა ბანაკებს. “ჰეზბოლას” ადანაშაულებენ თავდასხმებში აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ.

“ევროკავშირს” ტერორისტული დაჯგუფებების სიაში ჰყავს შეყვანილი ორგანიზაციის სამხედრო ფრთა, განსხვავებით მისი პოლიტიკური ფრთისაგან. ევროგაერთიანებაში და მის გარეთ “ჰეზბოლასადმი” პოლიტიკა განსხვავებულია. ნიდერლანდებს, იაპონიას, აშშ-სა და კანადას ორგანიზაციის ორივე განშტოება აკრძალული აქვთ. 2019 წელს მათ დიდი ბრიტანეთიც შეუერთდა. განსხვავებული პოზიცია აქვს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც გასულ წელს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კონტაქტზე დარჩება “ჰეზბოლას” პოლიტიკურ ფრთასთან. მისი თქმით, ლიბანელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს მათ.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ გერმანიის პოლიციამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული მეჩეთები შეამოწმა ბრემენსა და მიუნსტერში, ასევე, საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დორტმუნდში. BBC-ს თანახმად, “ჰეზბოლას” გერმანიაში 1 000-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი