სტატია გამოქვეყნდა ბლოგზე: Covid19info.ge
ცხელებასთან, ხველასთან და სუნთქვის გაძნელებასთან ერთად, COVID-19 სხვადასხვა სიმპტომით, მაგალითად, დაღლილობით, წონის კლებით, სურდოთი, თავის ტკივილით, ფაღარათით, გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვით შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა, იტალიიდან და ტაილანდიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, COVID-19-ის მრავალფეროვან გამოვლინებებს ახალი სიმპტომი – გამონაყარი – დაემატა.
„არ მგონია, დერმატოლოგთა წრის გარეთ ეს ბევრმა იცოდეს. დერმატოლოგთა სამეცნიერო ლიტერატურაშიც ახლა დაიწყო ამაზე საუბარი“, – აცხადებს კლივლენდის კლინიკის დერმატოლოგი სარა იანგი. პაციენტების ნაწილს დერმატოლოგიური გამოვლინებები მართლაც აღენიშნება, თუმცა მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ COVID-19-ს სპეციფიკური გამონაყარი არ ახასიათებს და კანის ეს ნიშნები მრავალფეროვანია.
ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში დერმატოლოგიური ნიშნები ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 20%-ს ჰქონდა. დერმატოლოგებმა დროებით გვერდით გადადეს თავიანთი სხვა საქმიანობა და პანდემიასთან ბრძოლაში ჩაერთნენ. კერძოდ, ისინი COVID-19-ის მქონე 148 პაციენტში დერმატოლოგიურ ცვლილებებს აკვირდებოდნენ. იმისთვის, რათა წამლის მიმართ მწვავე რეაქცია შეცდომით არ ჩათვლილიყო ინფექციის დერმატოლოგიურ სიმპტომად, მათ კვლევიდან გამორიცხეს ის 60 პაციენტი, რომელთაც ბოლო 15 დღის განმავლობაში რაიმე წამლის მიღება დაიწყეს (დერმატოლოგიური რეაქციები წამლების საკმაოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტებია).
დარჩენილი 88 პაციენტიდან დერმატოლოგიური გამოვლინებები 20.5%-თან (18 პაციენტი) დაფიქსირდა.
იტალიელი დერმატოლოგების დაკვირვების თანახმად:
- 18-იდან 8 პაციენტს (44%) დერმატოლოგიური ნიშნები დაავადების დასაწყისში, COVID-19-ის სხვა სიმპტომებთან ერთად გამოუვლინდა, დანარჩენს – ჰოსპიტალიზაციის შემდეგ.
- 18 პაციენტიდან 14-ს (78%) აღენიშნებოდა წითელი შეფერილობის (ერითემატოზული) გამონაყარი; 3-ს ჰქონდა ფართოდ გავრცელებული ურტიკარია (ჭინჭრის ციება) და 1-ს ჩუტყვავილას მსგავსი ვეზიკულები (ბუშტუკები).
- გამონაყარი ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა ტანზე, გულ-მკერდის მიდამოში.
- ქავილი იყო მსუბუქი ან საერთოდ არ აღინიშნებოდა; დაზიანების კერები რამდენიმე დღეში ალაგდა.
- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კანის გამოვლინებები არ იყო კავშირში დაავადების სიმძიმესთან.
კვლევის ავტორის თქმით, COVID-19-ის დერმატოლოგიური გამოვლინებები დამახასიათებელია სხვა გავრცელებული ვირუსული ინფექციებისთვისაც.
ტაილანდში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის თანმხლებმა დერმატოლოგიურმა ნიშნებმა, შესაძლოა, ინფექციის დიაგნოსტიკა შეაფერხოს. კვლევაში აღწერილია COVID-19-ით დაინფიცირებული პაციენტის შემთხვევა, რომლის კლინიკური გამოვლინებები დენგეს ცხელების მსგავსი იყო. პაციენტს აღენიშნებოდა პეტექიური გამონაყარი (მცირე ზომის წერტილოვანი სისხლჩაქცევები) და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება სისხლში), რაც დენგეს ცხელებისთვისაა დამახასიათებელი. COVID-19-ის დიაგნოზი მხოლოდ მას შემდეგ დაისვა, რაც პაციენტმა სასუნთქი სისტემისმხრივი ჩივილების გამო მიაკითხა სამედიცინო დაწესებულებას და მას RT-PCR კვლევა ჩაუტარდა. კვლევის ავტორის თქმით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ COVID-19 დასაწყისში კანზე გამონაყრით გამოვლინდეს. ამან, შესაძლოა, სწორი დიაგნოზის დასმა გაართულოს. გარდა ამისა, დაავადების საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს არ აღენიშნება ცხელება. ამიტომ ექიმმა უნდა გაითვალისწინოს, რომ, შესაძლოა, პაციენტს მხოლოდ გამონაყარი ჰქონდეს და ეს სწორედ Covid-19-ით იყოს გამოწვეული.
მსგავსი შედეგები გვხვდება აშშ-ში ჩატარებულ კვლევებშიც. მაგალითისთვის, კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დერმატოლოგი რენდი ჯეიკობსი აღწერს 67 წლის პაციენტის შემთხვევას, რომელსაც გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ, ცხვირის ღრუს დახშობა, სველი ხველა და დაბალი ცხელება აღენიშნებოდა. ერთი კვირის შემდეგ პაციენტს მარჯვენა ფეხზე გამოუვლინდა ბადისებრი ლივედო (livedo reticularis), ჰემატურია (სისხლიანი შარდვა) და ზოგადი სისუტე. ჩამოთვლილი ნიშნები ალაგდა 24 საათში (რის გამოც ბიოფსია ვერ მოესწრო), თუმცა COVID-19-ზე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა.
რენდი ჯეიკობსის აზრით, COVID-19-თან ასოცირებულია დერმატოლოგიური ნიშნები, რომელიც შესაძლოა ამ დაავადეებისთვის დამახასიათებელი იყოს წვრილი სისხლძარღვების ოკლუზიით (დახშობითაა)განპირობებული, რაც, შესაძლოა, სისხლჩაქცევებით, დალურჯებებითა და ბადისებრი ლივედოთი გამოვლინდეს. ამ ეტაპზე უცნობია, სისხლძარღვების დახშობა ნეიროგენულია, მიკროთრომბული თუ იმუნური კომპლექსების ჩალაგებით გამოწვეული. ყველაზე დამაჯერებელი თეორია ისაა, რომ ამის მიზეზი დისემინირებული ინტრავასკულარული კოაგულაციის (დიკ) სინდრომია, რომელიც კრიტიკულ პაციენტებში არც ისე მოულოდნელი ფენომენია. ის ხასიათდება მიკროთრომბების ფორმირებით, რომლებმაც შესაძლოა მცირე ზომის სისხლძარღვები დაახშოს და ბადისებრი ლივედო, აკროციანოზი (კიდურების, განსაკუთრებით, მტევნებისა და ტერფების სილურჯე) და ჰემატურია გამოიწვიოს.
ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვაზე – რამდენად არის დაკავშირებული სხვადასხვა სახის გამონაყარი დაავადების სიმძმიმესთან და მის მიმდინარეობასთან. დერმატოლოგები დიდი ძალისხმევით ცდილობენ ამის გარკვევას. თუმცა კერძო შემთხვევების შესწავლა გვეხმარება კანის სხვადასხვა დაზიანებების გამოვლენისას COVID-19-ზე ეჭვის მიტანაში.
წყარო:
JAAD – Search Results Web result with site links Journal of the American Academy of Dermatology
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ვებგვერდზე – http://covid19info.ge. მისი დამფუძნებლების განცხადებით, გვერდის მიზანია მოქალაქეებსა და სამედიცინო საზოგადოებას ქართულ ენაზე მიაწოდოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია ახალ კორონავირუსზე და მის მიერ გამოწვეულ დაავადებაზე, რომელიც ცნობილია COVID-19-ის სახელით.
“გვერდზე განთავსებული სტატიები, რჩევები და რეკომენდაციები არჩეულია ისეთი სანდო წყაროებიდან, როგორებიცაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), პაბმედი (PubMed) და სხვა სამეცნიერო მონაცემთა ბაზები. სტატიები სიფრთხილით ირჩევა, ითარგმნება და რედაქტირდება დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების მიერ, ინფექციონისტ მამუკა მაჩაიძის (ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი, აშშ) მეთვალყურეობის ქვეშ.
სამეცნიერო თვალსაზრისით, გვერდის მიერ გავრცელებული მასალის სანდოობას ადასტურებს და პროექტს მხარდაჭერას უცხადებს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი”, – ნათქვამია გვერდის დამფუძნებელთა განცხადებაში.