ახალი ამბები

კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა – რატიანი

1 მაისი, 2020 • 1097
კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკაში კარანტინი არ გამოცხადებულა. ამის შესახებ რატიანმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას გააკეთა განმარტება.

რატიანის თქმით, კლინიკის მედპერსონალის არცერთ წევრს, რომელიც ემსახურება კოვიდინფექციასთან ბრძოლას, კორონავირუსი არ უდასტურდება.

“კარანტინი არ გამოცხადებულა, რატომ ავრცელებთ დეზინფორმაციას? რაც კი გაიხსნა კლინიკა, ეს სიტუაციაა, ოღონდ გამკაცრდა იმიტომ, რომ ყველა თანამშრომელი რომ გადიოდა რამდენიმე საათში, აღარ გადიან”, – განაცხადა რატიანმა ტელეკომპანია “ფორმულასთან” სატელეფონო საუბრისას.

ინფორმაციას კარანტინის შესახებ ასევე უარყოფს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, ლალი ტურძილაძე, რომლის განმარტებითაც, კლინიკაში შეიცვალა ექიმების ბრიგადა, რომელთაც 14 დღის განმავლობაში მოუწევთ კლინიკაში დარჩენა და ყველა მათგანს კლინიკაში შესვლამდე ვირუსზე ტესტი გაუკეთდა.

ინფორმაცია კლინიკაში საკარანტინო ზონის დაწესების შესახებ ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა, კარანტინზე აღნიშნული ინფორმაცია კი შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, მათ ლევან რატიანმა თავად დაუდასტურა. ამავე ცნობებით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ერთ-ერთი დაინფიცირებული ექიმი.

კლინიკის საკარანტინო ზონად გამოცხადების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი