“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” აცხადებს, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილ ე.წ. ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაში ბიზნესის ინტერესი გათვალისწინებული არ ყოფილა.
ორგანიზაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, დეტალურად განმარტოს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დახმარება, რაც მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენს (როგორც კერძო, ასევე, სახელმწიფოსთვის გამოყოფილი სესხი), რა პირობებით იქნება გაცემული. ამას გარდა, ისინი მთავრობას სთხოვენ წარადგინოს 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, სადაც განმარტებული იქნება, თუ როგორ მცირდება მიმდინარე ხარჯები.
“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” სახელმწიფოსგან საპენსიო შენატანების 6 თვით შეჩერებას ითხოვს, რადგან მათი აზრით, “ეს დაუზოგავს ფულს როგორც დამსაქმებელს, ასევე, დასაქმებულსა და თავად სახელმწიფოსაც თანაბარპროპორციულად”. ორგანიზაცია ფინანსთა სამინისტროსგან ე.წ. ოქროს სიის აღდგენასაც მოითხოვს, რაც იმპორტზე გადასახადის გადახდას 5-ის ნაცვლად 30 დღეში გულისხმობს.
“ჩვენი წევრი კომპანიების სახელით, ვითხოვთ საჯარო მკაფიო განმარტებებს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით და იმ აუცილებელი მოთხოვნების გათვალისწინებას, რომელიც უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ბიზნესის გადარჩენისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
- სახელმწიფომ პანდემიის დაწყებისთანავე დააანონსა ტურიზმის სექტორისთვის ქონების გადასახადის გადავადება. მიმდინარე კვლევები დღემდე ვერ პროგნოზირებენ კრიზისის დასრულების ვადებს, შესაბამისად, ოთხი თვის ვადაში ( საიდანაც ორი უკვე გასულია) შეუძლებელია ამ სექტორის ამოქმედება ვივარაუდოთ, მით უმეტეს, რომ ხელისუფლების მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, ყველაზე ადრე, ივლისის თვეშია სასტუმროების ამოქმედება შესაძლებელი. ეს
ავტომატურად არ გულისხმობს ამ სექტორში შემოსავლების მიღების შესაძლებლობას, ამიტომ აუცილებელია, სასტუმროს ბიზნესი 2020 წლისთვის გათავისუფლდეს ქონების გადასახადიდან იმ არგუმენტით, რომ ამ წელს ისინი ვერ შეძლებენ ამ ქონებით ფაქტიურად სარგებლობას. - ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ კრიზისმა დააზარალა თითქმის ყველა სექტორი, მიუხედავად იმისა, შეწყვიტა თუ არა საქმიანობა. ამიტომ ქონების გადასახადის გადავადების შესაძლებლობის მიცემა წლის ბოლომდე იქნება ეფექტიანი დახმარება იმისათვის, რომ ბიზნესმა შეძლოს მიმდინარე ხარჯებთან გამკლავება.
- ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის შესაძლებელი გახდეს ენერგოკომპანიებისთვის მათ ანგარიშებზე არსებული დეპოზიტებიდან მიმდინარე დავალიანების გადახდა.
- წარმოდგენილი გეგმა ძირითადად მოიცავს ექვსთვიან საშეღავათო პერიოდს. გვაინტერესებს, იმ დროს, როდესაც თავად ეტაპები სამ თვეზეა გაწერილი, რატომ გადანაწილდა სოციალური პაკეტების უმრავლესობა 6 თვეზე? ამასთანავე, უსამართლო და არაეფექტიანია უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებულებისა და დასაქმებულების დახმარების მოცულობებს შორის სხვაობა.
- დღეს, როცა მიმდინარე მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არის უაღრესად პრობლემატური, ყველა მოქმედი ბიზნესი იბრძვის გადარჩენისთვის და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის, აუცლებელია, რომ დაანონსებული 6 თვის განმავლობაში შეჩერდეს საპენსიო შენატანები. ეს დაუზოგავს ფულს როგორც დამსაქმებელს, ასევე, დასაქმებულსა და თავად სახელმწიფოსაც თანაბარპროპორციულად.
- დღგ-ს ავტომატური დაბრუნების შესაძლებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს ანტიკრიზისული პროგრამის ნაწილად, რადგან ეს კრიზისამდე იყო დაანონსებული და, ამავდროულად, ამ შესაძლებლობით სარგებლობას შეძლებს ბიზნესის ძალიან მცირე ნაწილი. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ იმპორტირებული საქონლის განბაჟებისას, დროებით, დღგ-ს გადახდის ვალდებულება უნდა დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც კომპანიებს მეტ საბრუნავ საშუალებებს დაუტოვებს. შესაბამისად, უნდა აღდგეს ე.წ. ოქროს სიის წესი. მხოლოდ, ადრე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ის უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე.
- ბიზნესის დასახმარებლად საგარანტიო სქემის ამოქმედებას ხელისუფლება 2 წლის წინ გეგმავდა, თუმცა ანონსი ანონსად დარჩა დღემდე, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როდის მოხდება, რა პირობებით და ვისთვის იქნება შესაძლებელი ამ სქემით სარგებლობა? ხაზს ვუსვამთ, რომ პროგრამების დროული ამოქმედება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
- სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი თანხები სრულებით არასაკმარისია. იმ პირობებში, როდესაც ჩვენ, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, აღმოვჩნდით უდიდესი რისკების წინაშე. ეხება როგორც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ექსპორტის შეზღუდვას, ასევე, საკუთარ უაღრესად მწირ საწარმოო სიმძლავრეებზე დამოკიდებულებას.
- ასეთ ვითარებაში, როდესაც წარმოდგენილი გეგმა, პრემიერისვე განმარტებით, არის მოკლევადიანი, მხოლოდ უკვე მიმდინარე უარყოფით პროცესებზე რეაგირებაზე გათვლილი, სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილია მიწის რეგისტრაციის პროცესის დაანონსება, რომელიც სამ წელზეა გათვლილი.
- და რაც მთავარია, პრეზენტაციისას პრემიერს არც კი უხსენებია ეროვნული ვალუტა, რომელმაც მიმდინარე პერიოდში განიცადა რეკორდული ვარდნა, რამაც გამოიწვია მაღალი ინფლაცია”, – აცხადებს გადასახადის გადამხდელთა კავშირი.
“გადასახადის გადამხდელთა კავშირის” აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან ალექსანდრე რატიშვილი, ავთანდილ წერეთელი, ბადრი ჯაფარიძე, გიგლა მიქაუტაძე, გიორგი ჯახუტაშვილი, დავით დუმბაძე, ვახტანგ გოგალაძე, თემურ ჭყონია, თამაზ კაპანაძე, ირაკლი ჭყონია, მამუკა ხაზარაძე, მიხეილ ახვლედიანი, ნოდარ ადეიშვილი.