ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, პაციენტი ახალგაზრდა კაცია და ავადმყოფობის წინაისტორია არ აქვს.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ერთი მძიმე და 13 საყურადღებო პაციენტი მკურნალობს. მძიმე პაციენტი, რომელიც ახალგაზრდა კაცია, რეანიმაციაშია მოთავსებული. სოლოღაშვილის განმარტებით, მას დატვირთული ანამნეზი არ აქვს, ახალგაზრდაა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა.
1 მაისის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 27-ით გაიზარდა.
ქვეყანაში სულ არის 566 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 184, ხოლო გარდაიცვალა 6. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 243 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 550.