ახალი ამბები

კიდევ ორი კვირა ვიყოთ ძალიან ფრთხილად – გამყრელიძე 

1 მაისი, 2020 •
კიდევ ორი კვირა ვიყოთ ძალიან ფრთხილად – გამყრელიძე 

“ეს და კიდევ ორი კვირა ვიყოთ ძალიან ფრთხილად”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 30 აპრილს. 

კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მან ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ ვირუსი უკვე დაამარცხა. 

გამყრელიძემ ვირუსის გავრცელების პიკზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათი ემთხვევა ერთ-ერთი მოდელირების მრუდს შეზღუდვების გათვალისწინებით: 

“მოგეხსენებათ, ყველა ქვეყნის გამოცდილება არის,  რომ ქვეყნები პიკში შედიან შიდა გავრცელებიდან 6-8 კვირის განმავლობაში. ჩვენ შიდა გავრცელება დაგვიფიქსირდა  22-23 მარტიდან და ჩვენ ვართ ახლა მე-6 კვირაში. ამიტომ ვამბობდი მე, რომ მაისის პირველი ორი კვირა კიდევ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. პიკში შესული ვართ, რა თქმა უნდა.  

ჩვენი ბევრი მოდელირება გვქონდა გაკეთებული და მათ შორის ერთი, რომელსაც ჩვენ ამჟამინდელი მონაცემებით მივყვებით, ეს არის ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი.  ჩვენ გვქონდა სამი მრუდი ბაზელის მოდელირებაში, რაც ნიშნავდა, რომ თუ ჩვენ მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით ვივლიდით, რაც გვქონდა, მაშინ ამ დროისთვის ჩვენ დაახლოებით ეს ციფრი უნდა გვქონოდა, რაც ამჟამად გვაქვს,  პლუს- მინუს 50. 

მოგეხსენებათ,  ყველაზე დიდი დღესასწაული გვქონდა აპრილში და გახსოვთ მანამდე ჩემი და ჩემი კოლეგების მკაცრი გამოსველები და გაფრთხილებები, შეიძლება ძალიან მკაცრიც იყო ჩემი გამოსვლები.  ეს იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდით, თუ მოვუშვებდით და შევამსუბუქებდით იმ პერიოდში, მაშინ მეორე მრუდი ამუშავდებოდა, რომელიც ჩვენ 10 მაისისთვის გვაძლევდა 2000-2500 შემთხვევას. თუ ძალიან შევამსუბუქებდით ამას, მაშინ ადიოდა 5-6 ათას შემთხვევაზე 10-დან 15 მაისამდე”. 

გამყრელიძის თქმით, ასეთი სურათი იმის დამსახურებაა, რომ მოსახლეობა იცავდა და იცავს სოციალურ დისტანცირებას და  “დარჩი სახლში” გახდა ყველაზე პოპულარული სლოგანი, რაც მალე ახალი სლოგანით უნდა შეიცვალოს”. 

“სახლში დარჩი” გახდა ყველაზე ხშირად მოარული სლოგანი, ხომ?  რომელიც მალე,  ჩემი აზრით,  უნდა შეიცვალოს ახალი სლოგანით – “ჩვენ უნდა ვსიწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად”. 

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის შეიძლება შეიცვალოს ეს სლოგანი, გამყრელიძემ უპასუხა: 

“იცით, რომ მთავრობამ წარადგინა 6-ეტაპიანი შემსუბუქების გეგმა. პირველი ეტაპის შემსუბუქება მოხდა უკვე ამ კვირაში, ხომ?  მაგრამ რატომღაც ეს შემსუბუქება მოსახლეობამ გაიგო, რომ უი, ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავურისი და შეგვიძლია გავაკეთოთ ყველაფერი. არა, ბატონებო, ეს უნდა ხდებოდეს ნაბიჯ-ნაბიჯ და ასე უნდა მივყვეთ”. 

გამყრელიძის თქმით,  პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, ხელების ხშირი დაბანა და დამუშავება, დისტანცირება და ბევრი ადამიანების თავშეყრაზე  და კონფერენციებზე უარის თქმა არის ის შემზღუდავი ღონისძიებები, რომელთა გათვალისწინება მთელი წელი დაგვჭირდება: 

“ ამას უნდა შევეგუოთ. ამიტომ ვამბობ, უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან. ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის, რომ მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს კვირა, მომავალი კვირა და კიდევ ერთი კვირა ძალიან ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ, რომ იქნება კიდევ შემსუბუქებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს… კომენდატის საათი, რატომ არის, ხომ? იმიტომ, რომ დახურა რესტორნები და კაფეები და დაიწყეს შეკრება 9 საათის შემდეგ სახლებში. გვიყვარს ქართველებს კი, კარგია, მაგრამ რადგან სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს საქმე, რაღაცაზე უარი უნდა ვთქვათ, რომ ამ პანდემიიდან საქართველო გამოვიდეს ნაკლებად დაზიანებული”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი