ახალი ამბები

დაუშვა თუ არა სააპელაციომ “ანას ბაღთან” შეჩერებული მშენებლობა

30 აპრილი, 2020 • 1994
დაუშვა თუ არა სააპელაციომ “ანას ბაღთან” შეჩერებული მშენებლობა

ვარკეთილში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ სასამართლოს დავის საბოლოოდ დასრულებამდე მშენებლობის გაგრძელება/არგაგრძელების საკითხი კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს.

რამდენიმე კვირის წინ  თბილისის საქალაქო სასამართლომ “ანას ბაღის” აქტივისტების შუამდგომლობის საფუძველზე მშენებლობა შეაჩერა აქტივისტებსა და მშნებელ კომპანიას შორის დავის დასრულებამდე, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა და ისევ საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა

აქტივისტები და „ანას ბაღის“ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მშენებლობის განახლებას გულისხმობს. კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ კი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაიწყვეტილება მიიღო.

რა მოხდა სააპელაციოში – სადავო გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს, 30 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ „ანას ბაღთან დაკავშირებით“ მისი გადაწყვეტილება მედიასა და საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. სასამართლო ამბობს, რომ გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის შეჩერებაზე ან გაგრძელებაზე არ მიუღია.

ეს განცხადება, სავარაუდოდ, ეხება „ანას ბაღის“ აქტვისიტების გუშინდელ ღია წერილს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ სააპელაციო სასამართლომ კომპანიას “ანას ბაღთან” მშენებლობის განახლების ნება დართო.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, თანაზომიერების პრინციპზე დაყრდნობით, უნდა შეაფასოს, რამდენად დაცულია პროპორციულობა კერძო პირთა და საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს შორის, რისთვისაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საქალაქო სასამართლოს“, – წერს ის თავის განცხადებაში.

ამ გადაწყვეტილებას უსაფუძვლოდ აფასებს „ანას ბაღის“ აქტივისტთა ადვოკატი მუხრან ღურცკაია. ნეტგაზეთთან საუბარში ის ამბობს, რომ სააპელაციო ამ გადაწყვეტილებით საქალაქოს ეუბნება, რომ მათი შუამდგომლობა შეჩერების შესახებ თავიდან განიხილოს.

„ეს იმას ნიშნავს, რომ შეჩერება, რომელიც ამ მომენტისთვის გაუქმებულია, თავიდან უნდა განიხილოს – ანუ ის შუამდგომლობა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. როგორც წესი, პირველი ინსტანციის სასამართლო ვერ „გადაახტება“ ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, უარს გვეტყვის ჩვენს შუამდგომლობაზე თავიდან.

აპელაცია ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, ეუბნება საქალაქოს – შენ ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიგეღოო. შესაბამისად, ჩვენ შუამდგომლობის იმავე ეტაპზე ვართ, როგორზეც ვიყავით 2 თვის წინ, როდესაც ეს შუამდგომლობა თავდაპირველად შევიტანეთ“, – ამბობს მუხრან ღურცკაია.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებამდე კომპანიას აქვს უფლება, მშენებლობა გააგრძელოს.

ამ ნაწილში მუხრან ღურცხკაიას მშენებარე კომპანიის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც ეთანხმება.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლომ დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოზე, თავის დროზე, საზოგადოებრივმა აზრმა იქონია გავლენა.

„საქალაქო სასამართლო ახლა ჩიხშია, ის ფიზიკურად ვეღარ გამოიტანს სხვა გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მას სააპელაციო სასამართლომ ისეთ უზუსტობებზე მიუთითა.. რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ კომპანიის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს“, – ამბობს კუბლაშვილი ნეტგაზეთთან.

ის განმარტავს, რომ საქალაქო სასამართლოს 3-დღიანი ვადა აქვს, რომ დაასაბუთოს და „გამოასწოროს თავისი ხარვეზები“.

კითხვაზე, სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს – პირობითად, ხვალ აქვს თუ არა კომპანიას მშენებლობის გაგრძელების უფლება, კუბლაშვილი გვპასუხობს:

„სიმართლე ითქვას, აპელაციის გადაწყვეტილება საბოლოოა. იქ პირდაპირ ითქვა, რომ დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ კომპანიის მოთხოვნა. ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მშენებლობის უფლება გვაქვს, მაგრამ ვინაიდან კომპანია კანონმორჩილია და 3-4 დღე არაფერს წყვეტს…“, – ამბობს კუბლაშვილი.

სამშენებლო კომპანიის რენდერის მიხედვით, ანას ბაღი შენობებს შუა მოექცევა. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

„ანას ბაღი“ და მასთან მიმდინარე მშენებლობა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ყურადღების ცენტრშია. აქ ბოლო პერიოდში ხშირი იყო საპროტესტო აქციები, დაკავებები და მოქალაქეთა მიერ ე.წ. პარტიზანული სკვერების გაშენების მცდელობებიც კი.

საქმე ეხება პატარა სკვერს, სახელად – „ანას ბაღი“, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი ხელით ააშენა.

ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქეების ჯგუფი, სხვა აქტივისტებთან ერთად, უკვე დიდი ხანია, მათ მეზობლად არსებული „ანას ბაღის“ გადასარჩენად აქციებს მართავს. ტერიტორიაზე დაწესებული იყო მორიგეობა, რათა მომიჯნავედ კორპუსის აშენება ვერ მოხერხდეს.

„ანას ბაღი“ ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის კორპუსებს შორის მდებარეობს. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი მეზობლის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს და უკვე 3 წელია, რაც მოსახლეობა მას მშენებლობისგან იცავს.

სამეზობლო ყვება, რომ სკვერის მომიჯნავედ მიწის ნაკვეთი 2016 წელს გასხვისდა, 2018 წელს კი ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე თბილისის არქიტექტურის სამსსახურმა ნებართვა გასცა. მერია და კომპანია ირწმუნებიან, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობით სკვერს საფრთხე არ შეექმნება.

სამეზობლოს წევრებს ამ განცხადებების არ სჯერათ. მათ თქმით, თუ სკვერის წინ მრავალბინიანი კორპუსი აშენდება, სკვერი „ბეტონის მარწუხებში“ მოექცევა და განადგურდება.

ვრცლად წაიკითხეთ:

სამეზობლო “ანას ბაღის” გადასარჩენად

მასალების გადაბეჭდვის წესი