დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უკვე დაიწყეს კორონავირუსზე დღიურად ჩატარებული PCR ტესტების რაოდენობის ზრდა და 15 მაისამდე დღეში 1500-1700 ტესტის ჩატარება იგეგმება.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისათვის კორონავირუსის ტესტირებაში საქართველოს მასშტაბით 12 ლაბორატორიაა ჩართული, მომდევნო კვირიდან კი მათი რიცხვი 15-მდე გაიზრდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში ტესტების რეკორდული რაოდენობა – 1 096 – გაკეთდა, მაისის ბოლოსთვის კი ამ რიცხვის 2 000-2 500-მდე გაზრდა იგეგმება.

“ეს აუცილებელია, როდესაც გადავდივართ შეზღუდვების შემსუბუქების ეტაპზე, რომ კვლევის მეტი ხელმისაწვდომობა იყოს”, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციების დაცვა, რაც გულისხმობს სოციალურ დისტანცირებას, პირბადეების გამოყენებასა და ხელების ხშირ დაბანვას. მისივე თქმით, აქამდე საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა ნახტომისებური ზრდა არ ყოფილა და ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, რადგან ყველაზე საყურადღებოა შიდა გავრცელებიდან მე-6-მე-8 კვირის პერიოდი. აღნიშნული კი მაისის ბოლომდე არსებულ დროის მონაკვეთს შეესაბამება.

ამირან გამყრელიძის თქმით, გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტს გაუკეთებენ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ამ ეტაპზე კორონავირუსზე ტესტს უკეთებენ ყველა იმ პირს, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ასევე, დაიწყება ინტენსიური გამოკვლევა იმ პერსონალისა, რომლებიც მუშაობენ ცხელების ცენტრებსა და კოვიდის მიმღებ კლინიკებში.

“გარდა ამისა, კარანტინში მყოფ პირებს კარანტინში ყოფნის მე-13-მე-14 დღეს გაუკეთდება ტესტირება. თანდათან, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გაფართოვდება ეს ჯგუფი”, – აღნიშნა გამყრელიძემ. შემდეგ ეტაპზე ასევე დაგეგმილია გარკვეული პერიოდულობით სასწრაფოს ყველა თანმშრომლისა და ყველა ეპიდემიოლოგის რეგულარული ტესტირება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სატვირთოების რისკჯგუფებად მძღოლებსაც განიხილავს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე.