მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air წელს გადაიდო. ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ღონისძიება არ უქმდება, თუმცა ჯერ არ იციან მისი ჩატარების ზუსტი თარიღი.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი ფესტივალი ივნისში აღარ ჩატარდება და გადაიდება. ახალი თარიღების შესახებ არაუგვიანეს 25 ივნისისა ჩვენი გვერდის საშუალებით შეიტყობთ.
ამ ეტაპზე განიხილება ფესტივალის სექტემბრის მეორე ნახევრისთვის გადადება, თუმცა ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბილეთების გაყიდვა შეჩერდა მანამ, სანამ ახალი თარიღი ცნობილი არ გახდება, თუმცა მათ, ვინც უკვე შეიძინა აბონემენტი, ორი არჩევანი აქვთ:
„1️⃣ შეგიძლიათ, შეინარჩუნოთ აბონემენტი და შეცვლილ თარიღებზე გამოიყენოთ.
? ამ შემთხვევაში უკლებლივ ყველა მყიდველს გადაეცემა საჩუქრად ფესტივალის 10-წლიანი საშვი (გათამაშების გარეშე). ასეთ ადამიანთა რაოდენობა ასზე მეტია.
? თუ ერთ აბონემენტზე მეტი გაქვთ შეძენილი, საჩუქრად მიიღებთ ერთ 10-წლიან საშვს თქვენს სახელზე, ხოლო დანარჩენ აბონემენტებზე – ორწლიანს. ამ სასაჩუქრე საშვების მისაღებად, თქვენს სახელზე ნაყიდი არცერთი აბონემენტი არ უნდა დაბრუნდეს.
2️⃣ თუ არ გსურთ აბონემენტის შენარჩუნება და სასაჩუქრე საშვების მიღება, შეგიძლიათ, თანხა სრულად დაიბრუნოთ თქვენ მიერ შეძენილ ყველა ბილეთზე.
? ამისათვის შეგიძლიათ, ეწვიოთ ბმულს, რომელიც გადმოგეგზავნათ მეილსა და მობილურის ნომერზე ბილეთის შეძენისას, სადაც 1 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით გააქტიურდება თანხის დაბრუნების ღილაკი.
? თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ დააბრუნებთ ბილეთს, ავტომატურად დაფიქსირდება პირველი არჩევანი და მეილზე შესაბამის ინსტრუქციას 11 მაისამდე მიიღებთ“, – წერს Tbilisi Open Air-ის ჯგუფი ფეისბუკზე.
ამ გადაწყვეტილებამდე ცნობილი იყო, რომ ფესტივალი 26-28 ივნისს ლისის ტბაზე უნდა ჩატარებულიყო.