ახალი ამბები

რატიანი: COVID-19-თან ერთად შაქრიანი დიაბეტი მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს

30 აპრილი, 2020 •
რატიანი: COVID-19-თან ერთად შაქრიანი დიაბეტი მაღალი ლეტალობის ინდექსს არ წარმოადგენს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი აცხადებს, რომ COVID-დადასტურებული 82 წლის პაციენტი, რომელსაც 30 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს და სხვა გართულებებსაც უჩივის, მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს, პაციენტი კონტაქტურია, პარამეტრები კი ნორმაში აქვს:

“82 წლის ქალი, შაქრიანი დიაბეტით და სხვა პრობლემებით, მოიხსნა აპარატიდან, არის კონტაქტური, ადეკვატური. სუნთქვის პარამეტრები არის დამაკმაყოფილებელი, რჩება ოქსიგენდამოკიდებული. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალბატონს 30 წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს, იმყოფება ინსულინოთერაპიაზე. კიდევ ერთი მაგალითია, რომ შაქრიანი დიაბეტი გართულებული სხვადსხვა ფორმებით არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსს COVID ინფექციასთან შერწყმის შემთხვევაში”, – ამბობს რატიანი.

ექიმის თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გართულებულ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს პოლიორგანული უკმარისობა და პრომორბიდული დაავადებები აქვს, ეს არ მიანიშნებს ლეტალობის მაღალ ინდექსზე:

“როდესაც გაჩნდა ეს ვირუსი, ვინაიდან ლეტალობის ინდექსი მაღალი იყო, კაცობრიობაში დავარქვით მკვლელი, მაგრამ ამ ვირუსმა ამ ფუნქციის ლიკვიდაცია განიცადა. კიდევ ერთი მაგალითი, რომ გართულებულ შემთხვევაში, როცა გვაქვს პოლიორგანული უკმარისობა, პრომორბიდული დაავადებები, არ წარმოადგენს მაღალი ლეტალობის ინდექსის მანიშნებელს”, – ამბობს ლევან რატიანი.

დიაბეტი – CDC-ის ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ვებგვერდის მიხედვით- ერთ-ერთი (სხვა დაავადებებთან ერთად) რისკჯგუფია კორონავირუსთან მიმართებაში.

“პირველ რიგში, ეს ეხება არამენეჯირებულ შაქრიან დიაბეტს, როდესაც გლუკოზის მაჩვენებლები არ არის სამიზნე ფარგლებში. თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ დაავადება კომპენსირებულია, რა თქმა უნდა, რისკი, როგორც ინფიცირების, ისე დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ნაკლები იქნება”, – თქვა ნეტგაზეთთან ინტერვიუში ენდოკრინოლოგმა ნინო გაბიძაშვილმა.

ამავე თემაზე გირჩევთ

შაქრიანი დიაბეტი და Covid-19 – ინტერვიუ ენდოკრინოლოგთან

მასალების გადაბეჭდვის წესი