თურქეთში Covid-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა 117 589-ს გადააჭარბა, დაღუპულთა რაოდენობა კი 3 081-ს შეადგენს. ახალი მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ 29 აპრილის საღამოს გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ თურქეთმა ვირუსის გავრცელების პიკურ მაჩვენებელს მიაღწია.
ახალი მონაცემების თანახმად, დადასტურებულ შემთხვევებს 2 936 დაინფიცირებული დაემატა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 89-ით გაიზარდა.
“შემიძლია ვთქვა, რომ პიკის პერიოდში ვართ… ვხედავთ კლების ტენდენციას. მოქმედება მნიშვნელოვანია. თუ სიფრთხილის აუცილებელ ზომებს არ გავყვებით, ეს ახალ ტალღას გამოიწვევს”, – აღნიშნა ქოჯამ.
ინფიცირებულთა რაოდენობით თურქეთი მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოს სახელმწიფოთა შორის. ქვეყნის დიდ პროვინციებში კარანტინია დაწესებული, ათეულობით ქალაქს შორის აკრძალულია მგზავრობა.
