ახალი ამბები

ვცდილობთ, კამოსტატი მოვიპოვოთ, რიგში ვართ – ცერცვაძე Covid-19-ზე

30 აპრილი, 2020 • 1997
ვცდილობთ, კამოსტატი მოვიპოვოთ, რიგში ვართ – ცერცვაძე Covid-19-ზე

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველო ცდილობს, იაპონიის სახელმწიფო უწყებებისგან მოიპოვოს მედიკამენტი კამოსტატი, რომელზეც იმედოვნებენ, რომ Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის უჯრედში შეღწევადობას ამცირებს.

29 აპრილს ტვ პირველის ეთერში ჟურნალისტმა ნინო ჟიჟილაშვილმა თენგიზ ცერცვაძეს ჰკითხა, რას ფიქრობდა კამოსტატზე, რომელიც, სხვადასხვა კვლევით, ხელს უშლის უჯრედში ვირუსის შესვლას.

„მექანიზმი ძალიან იმედის მომცემია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, თუმცა, მისი თქმით, მედიკამენტი საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის:

„ეს იაპონური მედიკამენტია და ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ. ვიცით და უკვე იაპონიის შესაბამის სტრუქტურებთან [ვართ კომუნიკაციაში]“, – თქვა მან.

„ვიღაცებს ჰგონიათ, რომ პლაქვენილზე ჯვარი გვაქვს დაწერილი… ჩვენთან ანალიტიკური ჯგუფია შექმნილი, მათ შორის ახალგაზრდა მკვლევრების, რომლებიც ყოველდღიურად აანალიზებენ ყველა სიახლეს; დილით რომ მივდივართ, პირველი ამ სიახლეებს გვახსენებენ და, რა თქმა უნდა, კამოსტატზე მაშინვე მივიღეთ ინფორმაცია და რიგში ჩავდექით, რომ გამოსაცდელად მივიღოთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„როგორც გვეუბნებიან, ერთ-ერთი პირველი ჩავდექით რიგში და, შესაძლოა, ერთ-ერთმა პირველებმა მივიღოთ“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა და დასძინა: „მექანიზმით ის იმედის მომცემია, მაგრამ ეს მექანიზმი პრაქტიკაში ყოველთვის არ მართლდება“.


პროფესორი ქრისტიან დროსტენი, ბერლინის ყველაზე ძველი და ევროპის ყველაზე დიდი, „შარიტეს“ საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორი კამოსტატთან დაკავშირებით ამბობს:

„ჩვენ ვაწარმოეთ კვლევები შტეფან პიოლმანის ჯგუფთან ერთად გიოტინგენში. იგი გახლავთ ვირუსის უჯრედში შეღწევის საკითხის აბსოლუტური სპეციალისტი. შტეფანმა თქვა, რომ ნივთიერებას, რომელსაც კამოსტატი ჰქვია, ვირუსის შეღწევადობის შემცირება შეუძლია“.

დროსტენის თანახმად, „ამ ახალი SARS-2-ვირუსის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ის ბევრად უფრო მეტად იყენებს გარკვეულ ტრანსმემბრანულ-პროტეაზს, ვიდრე ამას ძველი SARS-ვირუსი აკეთებდა“.

„როგორც სახელი გვეუბნება, აქ საქმე გვაქვს ფერმენტთან, რომელიც პროტეინს ხლეჩს, მაგრამ ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ არა ვირუსის ფერმენტზე, არამედ უჯრედის ფერმენტზე. ეს ფერმენტი თავად უჯრედს აქვს გარე მემბრანაში. სწორედ ამ პროტეინით თავად უჯრედი უნებურად ეხმარება ამ ვირუსს უჯრედში შეღწევაში, ანუ მემბრანაში შესვლაში“.

„ეს შემდეგნაირად მუშაობს: ვირუსის ზედაპირის პროტეინი ერთ ადგილას იჭრება, ზედაპირის პროტეინის ეს გახლეჩა კი არის უჯრედის მემბრანაში შესაღწევი პირველი ნაბიჯი. ამისთვის ეს ვირუსი სწორედ უჯრედულ პროტეინს იყენებს. არსებობს მედიკამენტი, რომელიც ამ უჯრედულ პროტეინს ბლოკავს. ამ მედიკამენტს ჰქვია კამოსტატი. აქ გააზრებულად ვხმარობ სიტყვა მედიკამენტს და არა ნივთიერებას, იმიტომ, რომ ეს ნივთიერება, უკვე როგორც მედიკამენტი, დაშვებულია ქრონიკული პანკრეატიტის წინააღმდეგ. ის მხოლოდ იაპონიაშია დაშვებული. ანუ იაპონიაში მისი აფთიაქში ყიდვა შესაძლებელია. ეს დანამდვილებით ვიცით“…

მასალების გადაბეჭდვის წესი