ახალი ამბები

არ არსებობს მტკიცებულება, რომ ქართული გენი უფრო მდგრადია ამ ვირუსის მიმართ – ცერცვაძე

29 აპრილი, 2020 • 1385
არ არსებობს მტკიცებულება, რომ ქართული გენი უფრო მდგრადია ამ ვირუსის მიმართ – ცერცვაძე

კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი და ინფექციური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ არსებოს საკმარისი მეცნიერული მტკიცებულება იმის სათქმელად, რომ საქართველოში Covid-19-ის გამომწვევი ვირუსის ნაკლებვირულენტური შტამია გავრცელებული;

ამასთან, ცერცვაძის თანახმად, არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ „ქართული გენის ადამიანი უფრო მდგრადი იყოს ამ ვირუსის მიმართ“. ცერცვაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით 29 აპრილს ისაუბრა ტვ პირველის ეთერში ნინო ჟიჟილაშვილთან:

„ფილოგენეტიკურად სხვადასხვა შტამები ცირკულირებს მსოფლიოში და გენეტიკოსების მიერ გაშიფრულია ძირითადი ფინოგენეტიკური შტამები. მათ შორის ჩვენთან, საქართველოში არსებული შტამები გაშიფრულია ლუგარის ლაბორატორიის მიერ, მაგრამ ჯერ არავის დაუმტკიცებია და არავის უნახავს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ ცირკულირებს სხვადასხვა ვირულენტობის შტამი“, – თქვა მან.

„თავიდან ამაზე იყო სპეკულაციები, გარკვეული მოსაზრება, — როდესაც იტალიამ ჩინეთს „გაასწრო“ სიკვდილიანობით, იყო საუბარი, რომ იტალიური შტამი უფრო მძიმე იყო, ვიდრე ჩინური. არ აღმოჩნდა ასე. არანაირი განსაკუთრებული შტამი ვირულენტობის თვალსაზრისით იტალიაში არ აღმოჩნდა“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმითვე, დღეისთვის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს, რაც მისცემდათ საშუალებას დაესკვნათ, რომ საქართველოში რაიმე სხვა, შედარებით ნაკლებვირულენტული შტამია.

„ნაკლებვირულენტური შტამი ჩვენთან რომ ცირკულირებს, ამის ალბათობა ნულის ტოლი თუ არა, ძალიან დაბალია. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენთან ძირითადად შემოტანილი იყო ვირუსი იტალიიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან — ანუ იქიდან, სადაც სიკვდილიანობა მაღალი იყო“.

ამასთან, ცერცვაძემ განაცხადა, რომ არც იმის მტკიცებულება არსებებს, რომ „ქართული გენის ადამიანი უფრო მდგრადი იყოს ამ ვირუსის მიმართ“:

„რაც შეეხება იმას, ხომ არ განაპირობებს ამას ადამიანის გენეტიკურად დეტერმინირებული თვისებები, რომ შესაძლოა ქართული გენის ადამიანი უფრო მდგრადი იყოს ამ ვირუსის მიმართ, ეს თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ნაკლებ რეალურია და ამის ჰიპოთეზაც კი არავის გამოუთქვამს, არამცთუ მტკიცებულება წარმოუდგენია“, – განაცხადა მან.


საქართველოში Covid-19-ის ზოგადი სტატისტიკა 29 აპრილის 22:30 საათის მდგომარეობით ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 517
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 178
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 5153
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 549
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი