ოქსფორდის უნივერსიტეტი კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების მარათონში დაწინაურდა და მეცნიერების თქმით, შესაძლებელია, ვაქცინა მასობრივი გამოყენებისთვის უკვე სექტემბერში იყოს ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას CBSnews ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში უკვე შემუშავებული ჰქონდათ ტექნოლოგია, რომლითაც COVID-19-ის მსგავს ინფექციებზე მუშაობდნენ, აღნიშნულმა კი კვლევა საგრძნობლად წასწია წინ.
ვაქცინა მუშაობს შემდეგი პრინციპით: ვირუსის ტენეტიურ ნიმუშს იყენებს და გრიპის ვირუსში შეჰყავთ, რითაც ნეიტრალიზდება და ადამიანებზე აღარ გადადის. მოდიფიცირებული ვირუსი COVID-19-ის იმიტირებას მოახდენს და იმუნურ სისტემას მისცემს ბიძგს, რეალური ვირუსის საწინაარმდეგო ანტისხეულები გამოიმუშაოს.
როგორც მედიასაშუალება წერს, გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერიმენტული ვაქცინა წარმატებით გამოსცადეს მაიმუნებზე. ვაქცინაციის შემდეგ კვლევაში ჩართულ მაიმუნებს სპეციალურად ჰქონდათ შეხება დიდი ოდენობით კორონავირუსთან, თუმცა ვირუსი არ გადაედოთ. ჯერჯერობით ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა ადამიანების შემთხვევაშიც მსგავსად ეფექტიანი იქნება. რაც შეეხება ადამიანებზე გამოცდას, კვლევის ფარგლებში 550 მონაწილეს კორონავირუსის ვაქცინას გაუკეთებენ, 550-ს კი – მენინგიტის ვაქცინას, რათა შეამოწმონ პლასებოს ეფექტი. მათ არ ეცოდინებათ, რა ტიპის ვაქცინა გაუკეთეს. ვაქცინის ეფექტიანობას სწორედ ამ მონაცემების შედარება განსაზღვრავს.
იმისათვის, რომ კველვის დასრულებამდე დრო არ დაიკარგოს, ინდოეთში დაფუძნებული ფარმაცევტული კომპანია უკვე მომავალი თვიდან გეგმავს, ვაქცინის მასობრივი წარმოება დაიწყოს მანამ, სანამ მისი ეფექტიანობა დამტკიცდება.