ახალი ამბები

მთავრობის გასაკონტროლებლად შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია – ბესელია

29 აპრილი, 2020 • 1327
მთავრობის გასაკონტროლებლად შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია – ბესელია

პოლიტიკური პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერის, ეკა ბესელიას თქმით, საჭიროა სპეციალური დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში გააკონტროლებს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ამის შესახებ მან პარტიის მიერ შემუშავებულ კოვიდ-19-თან ბრძოლის გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

“პარლამენტის პასიური როლი არის ძალიან შემაშფოთებელი პირადად ჩემთვის. 7 აპრილს ევროპის საბჭომ გამოსცა სპეციალური რეკომენდაციები ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნისთვის, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში რამდენად ძლიერი უნდა იყოს საპარლამენტო კონტროლი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შემოთავაზება, რომ შეიქმნას დროებითი საპარლამენტო კომისია სწორედ კოვიდ-19-თან ბრძოლის მონიტორინგის განხორციელების მიზნით, რომელიც გაანკონტროლებს მთავრობის საქმიანობას, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რადგან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეს არის კონვენციით დადგენილი ნორმებიდან დროებითი გადახვევა, რაც რისკებს აჩენს ადამიანის უფლებების კუთხით, რომ არ მოხდეს დარღვევები და ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას სჭირდება კონტროლი”,- განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, აღნიშნულმა კომისიამ უნდა გააკონტროლოს როგორც ეკონომიკაში, ასევე ჯანდაცვის სფეროში ჩატარებული ღონისძიებები.

პარტიის “სამართლიანობისთვის” მიერ შემუშავებულ გეგმაში ჩამოთვლილია 11 პუნქტი, რომელიც პარტიის აზრით მნიშვნელოვანია პანდემიის დაძლევაში:

  •  ვუზრუნველყოთ COVID19-ის მართვისათვის აუცილებელი დამცავი საშუალებებისა და ტესტების მარაგი, მათი საჭირო რაოდენობა და შევსების გაწერილი გეგმის დამტკიცება და წარდგენა.
  • საზოგადოებას გავაცნოთ ინტერნსიური თერაპიის საწოლების და სასუნთქი აპარატების ზუსტი რაოდენობა, რომლის მობილიზებაც შესაძლებელი იქნება COVID19-ის შესაძლო პიკის შემთხვევაში.
  • გადაიხედოს ტესტირების სტრატეგია და გაფართოვდეს ტესტირების არეალი.
  • მოვახდინოთ სამედიცინო და ასევე სამედიცინო განათლების ან მომიჯნავე სფეროებში არსებული ადამიანური რესურსის მობილიზება და გადამზადება. მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ღონისძიებების შესახებ.
  • გავაცნოთ საზოგადოებას პირველადი ჯანდაცვის რგოლის გადამზადებისათის უკვე ჩატარებული ღონისძიებების შედეგები , მათი მზაობის შეფასება და გავაგრძელოთ პერსონალის სწრაფი გადამზადება.
  • ჰოსპიტალური სექტორის მთელი ძალისხმევა მივმართოთ მომავალში მხოლოდ საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაინფიცირებულების მკურნალობისკენ.
  • კორონავირუსის ეპიდემიისას შევთავაზოთ სამედიცინო მომსახურეობა საქართველოს არაკონტროლირებად რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები ამ დახმარების ხელმისაწვდომობაზე.
  • სახელმწიფომ მეტად ინტენსიურად დაიწყოს პროპაგანდა კლიპების და სხვა შესაძლო საშუალებებით, რომ მოქალაქეებს მოუწოდოს პირადი ჰიგიენის, სოციალური დისტანცირების, ყველა სახის კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ. კლიპები დამზადდეს საქართველოში მცხოვრები ძირითადი ეროვნებების ენაზე (მათ შორის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლოებისათვის).
  • დამზადდეს და ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს საინფორმაციო ბუკლეტები სახლში იზოლაციისა და მსუბუქი ფორმების მკურნალობის წესების შესახებ, საქართველოში მცხოვრები ძირითადი ეროვნებების ენაზე.
  • უფრო გამჭირვალე და ღია გავხადოთ დისკუსია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სხვადასხვა სცენარების მოდელირების ირგვლივ. მოსახლეობას მივაწოდოთ პანდემიის განვითარების სხვადასხვა მოდელები და განვუმარტოთ თითოეული მათგანი, რათა გაიზარდოს გასატარებელი ღონისძიებების სანდოობა და მოვიპოვოთ მათზე მოსახლეობის მხარდაჭერა
  • ამ დისკუსიებში და განხილვებში აქტიურად ჩავრთოთ და ჯგუფის წევრებად შევიყვანოთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ექსპერტების დონეზე.

ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რომელიც 22 მაისის ჩათვლით გრძელდება.  24 აპრილს კი საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

 

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი