ჯანდაცის სამინისტროს ინფორმაციით, პეკინიდან სპეცრეისით 40 000 PCR ტესტი და 20 000 ანტისხეულების ტესტი ჩამოიტანეს.
ტესტების გარდა, ჩინეთიდან პირადი დაცვის საშუალებები, კომბინეზონები, ხელთათმანები, ხალათები და სხვა სამედიცინო ნივთებიც ჩამოიტანეს. სამინისტროს ცნობით, 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩინეთის საჩუქარია. რაც შეეხება PCR ტესტებს, სამინისტროს ინფორმაციით, PCR ტესტები და ექსტრაქციის ნაკრები ჩინეთის მთავრობის მიერ ავტორიზირებული კომპანიებისგან იყიდეს.
“დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი PCR ტესტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია ველოდებით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი. დანარჩენ ტვირთს კი წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში”, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
29 აპრილის 11:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 517 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 168 გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა, დანარჩენები კი აგრძელებენ მკურნალობას.