ჰაერის გაწმენდისა და არხებში თევზის დაბრუნების გარდა, გლობალურმა პანდემიამ პოზიტიური გავლენა ვეშაპებსა და ზღვის სხვა ძუძუმწოვრებზეც იქონია, რამდენადაც მეცნიერებმა წყალქვეშ ხმაურით დაბინძურების მაჩვენებლის დაცემის ახალი მტკიცებულება იპოვეს.
როგორც The Guardian წერს, ვანკუვერის პორტში კანადელმა მკვლევრებმა შეისწავლეს წყალქვეშა ხმოვანი სიგნალები რეალურ დროში და შენიშნეს, რომ დაბალ სიხშირეზე ხმაური, რომელიც გემების გადაადგილებას უკავშირდებოდა, საგრძნობლადაა შემცირებული.
როგორც ოკეანოლოგი დეივიდ ბერკლი გამოცემასთან აცხადებს, ამ სიხშირის მქონე წყალქვეშა ხმაურს ზღვის ძუძუმწოვრებზე უარყოფითი გავლენა აქვს. ორ პორტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კლების ტენდენცია 1 იანვარს დაიწყო და 1 პარილამდე გაგრძელდა, რა დროსაც დაბალი სიხშირის წყალქვეშა ხმაური 4-5 დეციბალით შემცირდა. ბერკლის თქმით, ეს მონაცემი პორტებიდან მიღებულ ინფორმაციას შეადარეს და აღმოაჩინეს, რომ დროის ამ მონაკვეთში ექსპორტი და იმპორტი 20%-ით შემცირდა.
ამასთან, ოკეანის სიღრმეში, გემების გადაადგილების მარშრუტიდან 60 კილომეტრში და 3 000 მეტრით წყალქვეშ ჩატარებული კვლევით, ხმაურის კვირის საშუალო მაჩვენებელი 1.5 დეციბალით, ანუ 15%-ით არის შემცირებული.
ბერკლის თქმით, მეცნიერებს ახლა აქვთ საშუალება, “მოუსმინონ” წყალქვეშა სამყაროს, რადგან მსგავსი შესაძლებლობა სიცოცხლის განმავლობაში აღარ მიეცემათ.
აღნიშნულ მონაცემებზე დაკვირვების საშუალება ამერიკელ მეცნიერებს 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჰქონდათ, როდესაც აშშ-ში საზღვაო და საჰაერო გადაადგილება შეწყდა. კვლევით დადგინდა, რომ გემებთან ასოცირებული ხმაური ვეშაპებში ქრონიკულ სტრესს იწვევდა.
როგორც ბერკლი The Guardian-თან აღნიშნავს, ხმაურის გამო ვეშაპები ხშირად იცვლიან ქცევას, კერძოდ, ხმაურში ვეშაპები ერთმანეთთან ნაკლებ კომუნიკაციაში არიან და მეცნიერებს მათ “საუბრებზე” დაკვირვების შესაძლებლობა არ აქვთ. ბერკლის იმედი აქვს, რომ შემცირებული ტრანზიტის პირობებში შესაძლებელია, ვეშაპებმა უფრო კომპლექსური კომუნიკაციის უნარი გამოავლინონ.
როგორც The Guardian წერს, მსგავს დაკვირვებას მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ბრიტანეთშიც აწარმოებენ. ბრიტანეთის გარემოს სამთავრობო ცენტრის მკვლევარი ნეითან მერჩანტი გამოცემასთან აღნიშნავს, რომ ისინი სწავლობენ, თუ როგორ აისახება კორონავირუსის პანდემია წყალქვეშა ხმაურზე ევროპაში.