ახალი ამბები

ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე დაბალია – ტიკარაძე

28 აპრილი, 2020 • 1697
ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე დაბალია – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტი ერთზე დაბალია, რაც მათ აძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ არ გამართლდა მოლოდინი მძიმე სცენართან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 9 მაისისთვის დაავადებულთა საერთო რაოდენობა 4000-5000 შეიძლება ყოფილიყო.

გავრცელების კოეფიციენტი არის ციფრი, თუ რამდენ ადამიანს გადასდებს საშუალოდ ერთი ინფიცირებული ვირუსს. ზოგადად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მიჩნეულია, რომ ახალი კორნავირუსის რეპროდუქციის მაჩვენებელი 2-ზე ბევრად მეტია, თუმცა ქრისტიან დროსტენმა, წამყვანმა გერმანელმა ვირუსოლოგმა ცოტა ხნის წინ გარდიანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლის 1-ზე ქვემოთ დაწევა გერმანიაშიც მოხერხდა.

ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ როდესაც პირველად შეიტყვეს კორონავირუსის მსოფლიოში გავრცელების თაობაზე, მათი სამი სავარაუდო სცენარი დაამუშავეს, თუ რა გავლენას მოახდენდა ინფექცია საქართველოზე და შესაბამისი ღონისძიებებიც ამის მიხედვით დაგეგმეს. ტიკარაძის თქმით, მიზანი იყო ვირუსის შეკავება და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლის შერბილება. მისი თქმით, ამ პროცესში უდიდესი როლი ჰქონდა მოსახლეობას, წესების დაცვას და ა.შ.

მინისტრის განცხადებით, დღეს საქართველო არის ამ 3-დან ყველაზე მსუბუქ და სასურველ სცენართან ახლოს, “თუმცა მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს, ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ჩართულობა”. მან მაგალითად მოიყვანა ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც ვირუსის შეკავების თვალსაზრისით თავდაპირველად კარგი შედეგები ჰქონდა და სხვებისთვის სამაგალითოდაც მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით მეორე ტალღამ იფეთქა და პროცესები იმაზე უარესად განვითარდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მინისტრს ეს ქვეყნები არ დაუსახელებია.

“ჩვენ ყოვლდღე ვაკვირდებით მონაცემებს, როგორ ვრცელდება ვირუსი. ახლა გავრცელების კოეფიციენტი არის 1-ზე დაბალი, რაც გვალძევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მომდევნო ერთ კვირაში მკვეთრი ცვლილებების მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა არის გარემოებები, რომ მაისის შუა რიცხვებში გვქონდეს ზრდა. ამისთვის მობილიზებულია ჰოსპიტალური სექტორი”, – აცხადებს ტიკარაძე.

თუმცა, მისივე თქმით, უკვე ვიცით, რომ რიცხვები არ იქნება ისეთი დიდი, როგორიც აპრილის ბოლოსთვის იყო ნავარაუდები, ერთ-ერთი სცენარით დღეში შესაძლოა რამდენიმე ასეული ინფიცირების შემთხვევაც კი დაფიქსირებულიყო. ტიკარაძის განცხადებით, ამ დინამიკით შემთხვევების დღიური მატება ათეულების ფარგლებში დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი