ახალი ამბები

ირანში დააკავეს ჟურნალისტები ხამენეის კარიკატურის გამო

28 აპრილი, 2020 • 1518
ირანში დააკავეს ჟურნალისტები ხამენეის კარიკატურის გამო

ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს რედაქტორი და სოციალური მედიის ადმინისტრატორი ქვეყნის სულიერი ლიდერის “შეურაცხმყოფელი” კარიკატურის გამოქვეყნების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” იუწყება.

შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. რადიოს თანახმად, სააგენტო ILNA-ს რედაქტორი მასუდ ჰეიდარი გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს, თუმცა სოციალური მედიის ადმინისტრატორი ამ დრომდე იზოლატორში რჩება. უცნობია, წაუყენეს თუ არა მათ ბრალი.

საქმე ეხება კარიკატურას, რომელიც სოციალურ ქსელ “ტელეგრამზე” აიტვირთა. ნახატზე გაშარჟებულია ირანის სულიერი ლიდერი ალი ხამენეი და ახალი კორონავირუსისაგან “განკურნების” ყალბი საშუალებები, რომელთაც გარკვეული პირები ახმიანებენ ისლამური მედიცინის სახელით. მათ შორისაა აქლემის შარდის დალევა და იისფერი ზეთის ჩასხმა ანუსში. კარიკატურის მიხედვით, ხამენეი ემხრობა ამგვარ ზომებს. ის კედელზე ჩამოკიდებულ სურათზეა გამოსახული და გაჩუმებისაკენ მოწოდებას ახმიანებს.

ცნობების თანახმად, კარიკატურა ILNA-ს ტელეგრამის არხზე განთავსებიდან მალევე წაიშალა.

“გამოქვეყნებიდან მალევე არხიდან ფოტოს წაშლის ბრძანება გაიცა”,- უთხრა თეირანის პროკურორმა ალღასი მეჰრიმ ირანულ მედიას 27 აპრილს. მისი თქმით, გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

თავად სააგენტო ILNA გამორიცხავს რაიმე სახის კავშირს “შეურაცხმყოფელ” კარიკატურასთან. ის ოპონენტებს სააგენტოს ლოგოს გაყალბებასა და მისი სახელით ფოტოს გავრცელებაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი