ახალი ამბები

რეპორტაჟი ჩაკეტილი თეთრიწყაროდან

28 აპრილი, 2020 • 3434
რეპორტაჟი ჩაკეტილი თეთრიწყაროდან

ავტორი: სოფო აფციაური. თეთრიწყარო

უკვე მესამე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ერთდოულად გამოვლენილი 20-მდე შემთხვევის გამო თეთრიწყარო ჩაკეტილია. 26 აპრილს მოეწყო სამი ბლოგპოსტი და ქალაქში შესვლა-გამოსვლა შეიზღუდა მცირე გამონაკლისების გარდა.

თეთრიწყაროში ინფიცირებული 19 პირიდან 12 უშუალოდ რაიონული ცენტრის მოსახლეა, ერთეული შემთხვევები სამ სოფელში დაფიქსირდა. თუმცა ყველაზე საგულისხმო ისაა, რომ დაინფიცირებულების დიდი ნაწილი სამედიცინო პერსონალია – თეთრიწყაროს რაიონული საავადმყოფოს ექთნები, ექიმები და სანიტრები; ნაწილი კი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, რომლებსაც მიმოსვლა ჰქონდათ ბოლნისისა და მარნეულის კლინიკებთან. 27 აპრილს დაინფიცირებულების სიას მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დაემატა.

ინფიცირების პირველწყარო ამ დროისთვის უცნობი და ბუნდოვანია. დადგენილია 150-მდე კონტაქტი, 50-მდე ადამიანი კარანტინშია, 100-მდე კი თვითიზოლაციაში გადაყვანილი.

რა ვიცით ინფიცირებულებზე?

პირველი კოვიდდადებითი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი თეთრიწყაროში დაუდასტურდა, 41 წლის ქალია. ექთანი რაიონის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომელია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ინფექციონისტები ამბობენ, სტაბილურად დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას თბილისში განაგრძობს. ქალის ორი ზრდასრული შვილი, ქმარი და ხანდაზმული დედამთილი ახლა რაიონში, საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფიცირებულის შვილის ინფორმაციით, მასსა და მის ოჯახის ყველა წევრს ტესტირება უკვე ჩაუტარდა და ამ ეტაპზე ვირუსი არცერთს დაუდასტურდა.

თეთრიწყაროს კლინიკის მენეჯერი პაატა მეხრაძე ამბობს, რომ 19 აპრილს ექთანს სახლში წასვლა ურჩიეს, რადგან შეუძლოდ გრძნობდა თავს. მან ღამე კლინიკაში თავისივე სურვილით გაათენა და 20 აპრილის დილიდან სახლში, მედიკამენტებით მკურნალობდა. თუმცა 21 აპრილს, ანუ მეორე დღესვე, კლინიკაში გამოსაკვლევად დაბრუნდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ტემპერატურაც მაღალი ჰქონდა.

„ავუღეთ სისხლის ანალიზი, გადავუღეთ ფილტვებზე რენტგენი. 23 აპრილს კი მაღალი სიცხით უკვე მარნეულში სასწრაფო დახმარების მანქანით გადავიყვანეთ, სადაც ნაცხზე ანალიზი გაუკეთეს და ვირუსი მეორე დღესვე დადასტურდა”, – ამბობს პაატა მეხრაძე.

საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, ძალიან რთულია იმის თქმა, ვინაა ვირუსის გავრცელების პირველწყარო, რადგან ამ კონკრეტულ ექთანს არ ჰქონდა არც ბოლნისისა და არც მარნეულის რაიონებთან შეხება. თუმცა, ამის პარალელურად, სასწრაფო დახმარების სხვა თანამშრომლებს უწევდათ მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებში სიარული. ეს ორივე რაიონი კი 2 კვირაზე მეტია, საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული.

დაინფიცირებულ ექთანზე რაიონში ამბობენ, რომ პაციენტებთან კერძო გამოძახებებზეც დადიოდა. ასევე, ოჯახი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და თავად დაინფიცირებული რძის პროდუქტებს რაიონის სხვადასხვა უბანში ყიდდა. როგორც ექთნის შვილი გვეუბნება, დედას უკვე აღდგომის დღესასწაულის შემდეგ პერიოდულად, დაბალი ტემპერატურა ჰქონდა. თუმცა ვირუსზე მაშინვე გამოკვლევა ვერ ჩაუტარეს და საავადმყოფოში მაინც დადიოდა, დანარჩენ დროს კი სახლში ატარებდა: „ერთ-ერთ პაციენტსაც მისსავე სახლში, ვირუსის დადასტურებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუკეთა გადასხმები და ამ პერიოდში აღარც რძის გასაყიდად გასულა გარეთ”.

თეთრიწყაროს ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელის თქმით, ექთანი ვირუსის დადასტურებამდე დაახლოებით სამი დღით ადრე მის მარკეტში იმყოფებოდა:„ამიტომ შეშინებულები ვართ. მარკეტები ამ დროს ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა, თუმცა, აგერ, სამი დღე გავიდა და ჩვენთან გამოკვლევაზე არავინ მოსულა. ამიტომ ამ დღეებში, დიდი ალბათობით, დავკეტავთ მაღაზიას. მე თვითონ მაღალ რისკს მივეკუთვნები და არ მინდა, ჩემი ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება”, – ამბობს მარკეტის მფლობელი, რომელიც ვინაობის გამხელას ერიდება.

ექთნის გარდა, 11-მდე კოვიდდადებითი მედიკოსი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას. მათ ნაწილს გამოძახებებზე მარნეულისა და ბოლნისის კლინიკაში უწევდა მიმოსვლა, შემდეგ კი, თეთრიწყაროში ემსახურებოდნენ პაციენტებს. ამ დროისთვის არაა ცნობილი, 150 დადგენილი კონტაქტიდან რამდენია პაციენტი.

რაც შეეხება მერიის თანამშრომელს, ის შუახნის კაცია, რომელიც თეთრიწყაროს მერის, გიორგი ქორიძის ინფორმაციით, 17 აპრილიდან უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა. ტესტი ჩაუტარეს მერიის კიდევ 3 თანამშრომელსა და პაციენტის ოჯახის ორ წევრს, ვისთანაც კოვიდდადებით პაციენტს კონტაქტი ჰქონდა და ამ ეტაპზე, არც მათ დაუდასტურდათ ვირუსი.

„სულ 4 თანამშრომელი დავდივართ მერიაში, დანარჩენები დიდი ხანია სახლიდან, დისტანციურად მუშაობენ”, – ამბობს გიორგი ქორიძე.

რა ხდება თეთრიწყაროში

თეთრიწყაროს რეგიონული საავადმყოფო ორი დღეა დაკეტილია, ეზოში მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები დგას და შენობას დაცვის სამსახურის უფროსი აკონტროლებს. კლინიკის მენეჯერი და კიდევ 22 მედიკოსი უკვე კარანტინში, გუდაურში გადაიყვანეს: „ამის გარდა, კიდევ სამი ობიექტი მაბარია და სხვა თანამშრომლებთან უშუალო შეხება მე არც მქონია, ამიტომ აქ დავრჩი და მუშაობას ვაგრძელებ”, – მეუბნება დაცვის უფროსი და კლინიკის ეზოში დიდხანს დაყოვნებას არ მირჩევს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თეთრიწყაროში ვინმეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ადგილობრივებს ამავე მუნიციპალიტეტის, დაბა მანგლისისა და სოფელ კოდის სასწრაფო დახმარების ექიმები და ექთნები მოემსახურებიან.

რაიონის ცენტრში, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე, „ავერსის” სააფთიაქო ქსელის ფილიალის გასახსნელად სივრცეს ახლა აწესრიგებენ. შენობის გარეთ სამშენებლო მასალები ალაგია და რამდენიმე მუშა შიგნით სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს. იქამდე კი, მოსახლეობას იქვე მდებარე ძველი შენობის პატარა სივრცეში მოწყობილი კერძო აფთიაქი ემსახურება. პანდემიის პირობებშიც კი, რაიონში დიდი ხანია მედიკამენტების დეფიციტზე საუბრობენ. ახლა მოქმედი კერძო აფთიაქის გამყიდველის თქმით, შესაძლოა, ადგილზე ყველა დასახელების მედიკამენტი არ ჰქონდეთ, მაგრამ თუ ადგილობრივებს კონკრეტული წამალი სჭირდებათ, უკვეთავენ და დისტრიბუციას პერიოდულად ჩამოაქვს.

მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ქორიძის ცნობით, ქალაქში აფთიაქი მაქსიმუმ ერთ კვირაში უნდა გაიხსნას: „სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდება და ფილიალის გახსნაც უკვე 1 კვირაში შესაძლებელი იქნება”.

მას შემდეგ, რაც რაიონში კარანტინი გამოცხადდა, ძველი აფთიაქი ის ერთ-ერთი გამონაკლისი სივრცეა, სადაც ადგილობრივებს რიგში დგომა და მოცდა უწევთ. გარდა იმისა, რომ მედიკამენტის საყიდლად სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ აქვთ, სავარაუდოდ, მოსახლეობაში შიშიც გაჩნდა. რაიონში, რომელსაც პანდემიის პირობებში, თბილისიდან ჩამოსულმა ბევრმა ოჯახმა თავი შეაფარა და მუნიციპალური ცენტრის ჩაკეტვამდე სასურსათო მაღაზიებში მუდმივად ხალხის მოძრაობა და სიმრავლე შეიმჩნეოდა, 27 აპრილს, შუადღის შემდეგ, ფაქტობრივად, სიცარიელე იყო. აქა-იქ მხოლოდ პოლიციისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მანქანები მოძრაობდა: „დღეს დილით იყო შემოსული ხალხი და ძირითადად მარაგი წაიღეს. მოსაღამოვდა და რამდენიმე საათია ერთი კლიენტიც არ შემოსულა”, – მეუბნება მაღაზიის მფლობელი და აქვე მპასუხობს, რომ მართალია, პერიოდულად გარკვეული პროდუქტებისა და ხილის დეფიციტია, მაგრამ მარკეტში  ძირითადად ყველაფერი აქვთ.

რაიონში სულ სამი ბლოკპოსტია. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ ტერიტორიას. იქვე, მწვანე მდელოზე აქვთ მოწყობილი საცხოვრებელი კარვებიც. მედიის წარმომადგენლებისთვის 100-მეტრიანი დისტანციის დაცვაა სავალდებულო, მოსახლოებისთვის კი მკაცრად აკრძალულია სხვა რეგიონებთან მიმოსვლა. იმ შემთხვევაში, თუ რაიონიდან გასვლა სხვა ქალაქში ან რაიონში რეგისტრირებულ პირს დასჭირდა, სავალდებულო 2-კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან გამოსვლის პრობლემა დღეს შეექმნა 35 წლის ორსულ ქალს, რომელიც ექიმთან ვიზიტზე თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში, კლინიკის მიერ გუშინ, 27 აპრილს გაცემული საშვით მიდიოდა. ამის მიუხედავად, თეთრიწყაროს გამშვებ პუნქტზე ორსული ქალი არ გამოატარეს, რადგან ჩაჩავას კლინიკამ წითელი ზონიდან პაციენტის მიღება დღეს გადაიფიქრა და უახლოეს კლინიკაში ვიზიტის რეკომენდაცია მისცა. უახლოესი სამედიცინო დაწესებულება კი მარნეულის მუნიციპალიტეტშია, რომელიც ასევე ჩაკეტილია.

თეთრიწყაროს რაიონი ქვემო ქართლში მესამე მუნიციპალიტეტია, რომელიც ამ დროისთვის მკაცრ საკარანტინო პირობებშია. იქამდე, Covid-19-ის გავრცელების გამო, მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა. მხოლოდ ბოლნისში ვირუსის 90-მდე შემთხვევაა დადასტურებული. თუმცა თეთრიწყარო პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც მედიკოსების დაინფიცირების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.

მუნიციპალიტეტში 21 ათასამდე მოსახლეა, მათ შორის, 5 ათასამდე ქალაქსა და დაბა მანგლისში ცხოვრობს, დანარჩენი მოსახლეობა კი რაიონის 90 სოფელშია გადანაწილებული.

რაიონული ცენტრის გარდა, მედიკოსებმა, 27 აპრილის მონაცემებით, ვირუსის შემთხვევები თეთრიწყაროს სამ სოფელში: ჯორჯიაშვილში, წინწყაროსა და გოლთეთშიც გამოავლინეს, მაგრამ ეს სოფლები ჩაკეტილი არაა:

„ჯერჯერობით ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

28 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში Covid-19-ის კიდევ ახალი 15 შემთხვევა გამოვლინდა და სულ 511-მდე გაიზარდა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. საერთო ჯამში, 511 დადასტურებული შემთხვევიდან ​156 გამოჯანმრთელებულია, 6 კი- გარდაცვლილი.

ახალი დადასტურებული 15 შემთხვევიდან, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 13 კოვიდდადებითი პაციენტი სამი რაიონის: ბოლნისის, მარნეულისა და თეთრიწყაროს მცხოვრებლები არიან, თუმცა, ზუსტად რამდენი დაინფიცირებულია თეთრიწყაროს მინიციპალიტეტიდან და დაემატა თუ არა ამას მედპერსონალი, მარინა ეზუგბაიას არ დააუკონკრეტებია.

დადგინდება თუ არა თეთრიწყაროში ვირუსის გავრცელების პირველწყარო, ჯერ უცნობია: „ძალიან რთულია ახლა საფუძვლიანი კვლევის გარეშე დასკვნების გაკეთება. ამაზე ჩვენი ეპიდემიოლოგები მუშაობენ და ალბათ, გაირკვევა”, – მეუბნება თეთრიწყაროს რეგიონული საავადმყოფოს მენეჯერი, პაატა მეხრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი