ახალი ამბები

კოვიდზე გატესტილია მოსახლეობის 0.6%, რაც საშუალო მაჩვენებლია – გამყრელიძე

27 აპრილი, 2020 • 1090
კოვიდზე გატესტილია მოსახლეობის 0.6%, რაც საშუალო მაჩვენებლია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის 0.6%-მა გაიარა ტესტირება კორონავირუსზე.

გამყრელიძე ამატებს, რომ ეს მაჩვენებელი საშუალოა საქართველოსნაირი შესაძლებლობების ქვეყნისთვის.

როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, 4 თებერვლიდან საქართველოში დაახლოებით 12 ათასი ტესტი ჩატარდა, ზოგიერთ დღეს ტესტირების ოდენობა კი 900-ს აღწევდა – „გუშინ კი, მაგალითად, 500-ზე მეტი იყო“.

მისივე განმარტებით, მაისიდან ყოველდღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა გაიზრდება და დღეში 1500-2000 ტესტს მიაღწევს. შემდეგ კი ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, 3 000 ტესტამდეც გაიზარდოს.

„ხშირად ამ მონაცემებზე საუბრისას გვადარებენ გერმანიას, სადაც დღეს გამოკვლეულია მოსახლეობის 2.5%.

ჩვენ ამით ასული ვართ… და პლუს ამას, თუ დავამატებთ სწრაფ ტესტებს, რომლებიც დაახლოებით 8-9 ათასი ჩატარდა – მოსახლეობის დაახლოებით  0.6%-ზე. ბევრი ქვეყანა მხოლოდ პისიარს არა, სწრაფ ტესტებსაც იყენებს.

ამ მაჩვნეებლით საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორიც ვართ დღეს ჩვენ განვითარებით. მივისწრაფვით ჩვენ განვითარებისკენ. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მივსიწრაფვით ევროკავშირისკენ, გვინდა სწორედ ის მაჩვენებლები, რაც ევროკავშირშია და თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000- 2500 ტესტირებაზე, გვექნება გერმანიისა და ავსტრიის მაჩვენებლი“, – ამბობს გამყრელიძე.

გამყრელიძემ შემდგომ განმარტა, რომ საქართველოში კორონავირუსის მასობრივი ტესტირება ჯერ არ ჩატარებულა – „მასობრივი ტესტირება ტარდება მხოლოდ C ჰეპატიტის შემთხვევაში, სადაც 2 მლნ-ზე მეტი ადამიანი გვყავს გამოკვლეული“.

თუმცა აქვე ამატებს, რომ ყველა ადამიანს საქართველოში, ვისაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განსაზღვრების თანახმად ტესტი სჭირდებოდა – ეს ტესტი ჩაუტარეს.


კორონავირუსის მონაცემები 27 აპრილის 20:20 საათის მიხედვით:

  • ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲓᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ – 496
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ – 149
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ – 6
  • ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ – 4932
  • ᲡᲢᲐᲪᲘᲝᲜᲐᲠᲨᲘ ᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ – 568
  • ᲣᲪᲮᲝᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲓ ᲒᲐᲓᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი