ახალი ამბები

საქართველოს სამხრეთ კორეისგან 50 000 ტესტს ყიდულობს

27 აპრილი, 2020 • 1642
საქართველოს სამხრეთ კორეისგან 50 000 ტესტს ყიდულობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სამხრეთკორეულ კომპანია SD Biosensor-სგან COVID-19-ის დასადგენ ანტიგენის ტესტების იმპორტს განახორციელებს.

SD BIOSENSOR-ის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, კომპანია მზადაა, ტესტების ექსპორტი აპრილის ბოლოს განახორციელოს. საუბარია სტანდარტულ ანტიგენის ტესტზე, რომელიც იმუნოანალიზის მეთოდზე დამყარებით, ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას განსაზღვრავს. შედეგი 10-30 წუთში ხდება ცნობილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამხრეთ კორეის რესპუბლიკას COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში დროული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა ვირუსის გავრცელების პირველივე ეტაპზე იქცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სანიმუშო მაგალითად.

საქართველომ სამხრეთ კორეისგან 20 ათასი PCR ტესტი 18 აპრილს მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის თქმით, ამჯერად საუბარია 50 000 მაღალი ხარისხის ტესტის შეძენაზე, რომელიც საქართველოში მაისის დასაწყისში იქნება ჩამოტანილი. მისივე ინფორმაციით, შემდეგი კვირის დასაწყისში საქართველო ასევე ელოდება მაღალი ხარისხის ტესტებს გერმანიიდან, ჩინეთიდან და პოლონეთიდან. გარდა ამისა, საქართველოს დიპლომატიური უწყებები ტესტების მიღებაზე მუშაობას აგრძელებენ აშშ-თან, იაპონიასთან და ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი