ახალი ამბები

საქართველომ სამხრეთ კორეისგან 20 ათასი PCR ტესტი მიიღო

18 აპრილი, 2020 • 1269
საქართველომ სამხრეთ კორეისგან 20 ათასი PCR ტესტი მიიღო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა დღეს, 18 აპრილს, სამხრეთ კორეისგან 20 ათასი კორეული PCR ტესტი მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არსებული საკოორდინაციო საბჭოს დავალებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში COVID-19 პანდემიისათვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობისა და პრეპარატების მომარაგების პროცესში.

როგორც ცნობილია შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უმეტესობა ქვეყნების მიერ შემოღებული საგანგებო რეჟიმის ღონისძიებების ფარგლებში აკრძალვა დაწესდა მთელი რიგი სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები კი ხელს უწყობენ არა მხოლოდ საჭირო პროდუქციის მობილიზებას, არამედ შემდგომ მათ სათანადო ტრასპორტირებას”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ტესტები საქართველომ კორეულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით, “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით და კორეაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით შეიძინა და მისი ტრანსპორტირება უზრუნველყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი