ახალი ამბები

აგრარული ბაზრების ნაწილმა მუშაობა ვერ განაახლა

27 აპრილი, 2020 • 2695
აგრარული ბაზრების ნაწილმა მუშაობა ვერ განაახლა

Covid-19-ის თანმდევი შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქება ქვეყნის მასშტაბით ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნასაც გულისხმობს, თუმცა რამდენიმე ობიექტს პრობლემები შეექმნა რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო.

თბილისში მდებარე ნავთლუღის აგრარული ბაზარი ამ დრომდე არ მუშაობს. მოვაჭრეები იქ დილიდანვე მივიდნენ, თუმცა მუშაობის დაწყება ვერ შეძლეს. ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას ბაზრის დირექტორმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა შეუძლებელია, რის გამოც ტერიტორია ისევ დაკეტილი რჩება.

“ეს რეგულაციები სანამ არ გაუქმდება ან არ შემსუბუქდება, ან რაღაც არ მოხდება, ბაზარი ვერ გაიხსნება. ეს ისეთი რეგულაციებია, რომლებიც ბაზარში ფიზიკურად ვერ შესრულდება. დისტანციის დაცვა გამორიცხულია, ხელსაბანების საჭირო ოდენობით ქონა გამორიცხულია, დეზობარიერები ვერ დაიდგმება, თერმოსკრინინგი ვერ ჩატარდება… დღეში შემოდის მილიონი კაცი”, – აღნიშნა მან.

ასეთივე პრობლემის წინაშე დღეს აღმოჩნდნენ ოზურგეთის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებიც. ბაზრის დირექტორმა “რუსთავი2”-ს უთხრა, რომ ვერ შეძლო სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეკომენდაციების შესრულება, რის გამოც ტერიტორიაზე მუშაობა ვერ განახლდება. ოზურგეთისგან განსხვავებით, მუშაობა განაახლა თელავის ბაზრობამ, თუმცა, რ2-ის ცნობით, რამდენიმე საათში სურსათის უვნებლობის სამსახურმა დარღვევა დაადგინა, ადმინისტრაცია 3 000 ლარით დააჯარიმა და ბაზარი ისევ დაიხურა.

ზემოაღნიშნულს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბრიფინგზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანაში სულ 80 ბაზარია რეგისტრირებული, რომელთა უმრავლესობა ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვის მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ისინი ვერ იფუნქციონირებენ.

დილის საათებში ხმაური იყო თბილისის “დეზერტირების ბაზარშიც”, სადაც საბითუმო ვაჭრობა ჩვეულებრივ მიმდინარეობს, თუმცა მოვაჭრეთა ნაწილი საცალო ვაჭრობის დაშვებასაც ითხოვდა.

“ვითხოვთ საცალო ბაზრობას. ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უნდა იყოს საქართველოში აგრარული ბაზრები, უნდა იყოს დისტანცია, ხელთათმანი, უნდა იყოს წესრიგი და სისუფთავე. ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ უნდა გაიხსნას ეს აგრარული ბაზარი. ამდენი ადამიანი ვწვალობთ ორი კაპიკისთვის და ყოველდღიური ფულისთვის”, – უთხრა ტელეკომპანია “მთავარს” ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

აღნიშნული ბაზრობა შპს “თბილისი მოლის” საკუთრებაა. მისმა წარმომადგენელმა, ნათია მიქიაშვილმა, “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე საბითუმო ვაჭრობა არც აქამდე შეწყვეტილა და კომპანია სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ყველა ნორმას ასრულებდა.

“რაც შეეხება საცალო მოვაჭრეებს, აღნიშნული პირები არ ექვემდებარებიან შპს “თბილისი მოლის” ადმინისტრაციას. ჩვენი აგრარული ბაზარი არის საბითუმო. საცალო ბაზარი ჩვენ არ გვეხება”, – უთხრა ნათია მიქიაშვილმა “ნეტგაზეთს”. მისი თქმით, სხვა შემთხვევებში, კომპანია საცალო მოვაჭრეებს ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფნას პირდაპირ არ უკრძალავს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნული პროცესის მართვა რთული იქნება, ვინაიდან მათ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და რეკომენცაციების დაცვას ვერ შეძლებენ.

დღეს, 27 აპრილს, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი დაიწყო. ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით შიდა გადაადგილება; ტაქსების ოპერირება; ონლაინ ვაჭრობა როგორც საბითუმო, ასევე საცალო; მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე; ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი