ახალი ამბები

შეზღუდვების შემსუბუქება COVID-19-ზე გამარჯვებად არ აღიქვათ – ჩიქოვანი

27 აპრილი, 2020 • 1061
შეზღუდვების შემსუბუქება COVID-19-ზე გამარჯვებად არ აღიქვათ – ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება კორონავირუსზე გამარჯვებად არ აღიქვან და  უსაფრთხოების ზომების დაცვა გააგრძელონ.

დღეიდან, 27 აპრილიდან, დასაშვები გახდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება და ონლაინ ვაჭრობა, ასევე, იხსნება ღია აგრარული ბაზრები. თუმცა ჩიქოვანმა არ გამორიცხა, ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში შეზღუდვები ხელახლა ამოქმედდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და გარკვეულწილად, მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს გააჩნიათ. ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც COVID-19-თან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, შესაძლებლობა, რომელიც გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება და მაქსიმალური სიფრთხილე”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტონო რეჟიმი მოქმედებს.

27 აპრილის 13:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 496 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაცვლილია – 6, გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი