ახალი ამბები

კიმ ჩენ ინი ცოცხალია, კარგად არის – სამხრეთი კორეის პრეზიდენტის მრჩეველი

27 აპრილი, 2020 •
კიმ ჩენ ინი ცოცხალია, კარგად არის – სამხრეთი კორეის პრეზიდენტის მრჩეველი

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი “ცოცხალია და კარგად არის”, ქვეყნის ტერიტორიაზე კი არანაირი საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნება. ამის შესახებ სამხრეთი კორეის პრეზიდენტის მრჩეველმა, მუნ ჩანგ ინმა განაცხადა.

მისი თქმით, ჩრდილოეთი კორეის ლიდერი 13 აპრილიდან საკურორტო ქალაქ ვონსანში იმყოფება, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ეჭვები გამოიწვია მისმა არყოფნამ  ბაბუის – ჩრდილოეთ კორეის ფუძემდებლის – დაბადების დღეზე, რომელიც 15 აპრილს აღნიშნეს. ეს კი ქვეყნის პოლიტიკურ კალენდარში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. ბოლოს ლიდერი საჯაროდ გამოჩნდა 11 აპრილს, “მშრომელთა პარტიის” პოლიტბიუროს სხდომაზე.

კიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მედიის განსაკუთრებული გააქტიურება სამხრეთი კორეის ერთ-ერთი გამოცემის ცნობამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთი კორეის ლიდერს აპრილის დასაწყისში სამედიცინო პროცედურა დასჭირდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოსაწესრიგებლად და ამჟამად გამოჯანმრთელების სტადიაზეა.

მალევე, CNN-მა აშშ-ის ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით დაწერა, რომ ვაშინგტონის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებით, ლიდერის ჯანმრთელობა “მძიმე საფრთხის” ქვეშ იყო. გასული კვირის ხუთშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა უარყო აღნიშნული ცნობები, თუმცა არ უთქვამს, როდის ჰქონდა ბოლოს მასთან კონტაქტი.

ამავე პერიოდში, ვაშინგტონში მოქმედმა ერთ-ერთმა პლატფორმამ, რომელიც ჩრდილოეთ კოერაში მიმდინარე პროცესებს აკვირდება, გაავრცელა ცნობა, რომ მატარებელი, რომელიც სავარაუდოდ, კიმ ჩენ ინს ეკუთვნის, ქალაქ ვონსანთანაა გაჩერებული. სამხრეთი კორეის პრეზიდენტის მრჩევლის თანახმად, სწორედ აქ იმყოფება ამჟამად ჩრდილოეთი კორეის ლიდერი.

კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები 2014 წელსაც ვრცელდებოდა. მაშინ სამხრეთის დაზვერვის სააგენტომ თქვა, რომ მას ოპერაცია ჩაუტარდა ტერფიდან კისტის მოსაცილებლად.

რა ვიცით ჩრდ. კორეის ლიდერის ჯანმრთელობაზე? – ბოლო ცნობები

მასალების გადაბეჭდვის წესი