ნეტგაზეთი | “ჩემი სურვილი გამოვხატე” – ეზუგბაია აგრესიულ ტესტირებაზე განცხადებას განმარტავს “ჩემი სურვილი გამოვხატე” – ეზუგბაია აგრესიულ ტესტირებაზე განცხადებას განმარტავს – Netgazeti

“ჩემი სურვილი გამოვხატე” – ეზუგბაია აგრესიულ ტესტირებაზე განცხადებას განმარტავს

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზეუგბაია აცხადებს, რომ თუ ქვეყანას არ სჭირდება აგრესიული ტესტირების ხშირად და განმეორებით ჩატარება, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ დაავადების გავრცელება კონტროლირებადია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სწორედ ეს იგულისცმა 25 აპრილს ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში და საკუთარი სურვილი გამოხატა:

“ეს იყო ჩემი სურვილი, ჩემი სურვილი გამოვხატე, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ზომიერი და კონტროლირებადი. მე განმარტება გავაკეთე ამ მოცემულობასთან მიმართებით და ვინ როგორ გაიგო, არ ვიცი”, – ამბობს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის კლინიკური დირექტორი.

ეზუგბაია ასევე აცხადებს, რომ უსაფუძვლოა ეჭვები, რაც ტელეჟურნალისტების ნაწილს აქვს სტატისტიკასთან დაკავშირებით, რადგანაც მონაცემების გაყალბება პროცესს ვერ შეაჩერებს:

“რატომღაც ყოველთვის ეჭვები იქმნება, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია, რაც ასე არ არის. გაყალბება ვერასოდეს შეაჩერებს იმ პროცესებს, რასაც ჰქვია COVID პაციენტების რაოდენობის მკვეთრი მატება და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა. შეკავების პერიოდი ჩვენ და სხვადსხვა სტრუქტურებმა ერთად დავამთვრეთ და როდესაც დაგვეწყო შიდა გავრცელება, სახელმწიფომ სწორი ნაბიჯები გადადგა და ის აღკვეთის ღონისძიებები აბსოლუტურად სწორი იყო და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც შესაბამისად მიჰყვება ამ სიტუაციას”, – ამბობს ეზუგბაია.

25 აპრილის მონაცემებით, 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-ით იყო გაზრდიი, რაც მარინა ეზუგბაიამ აგრესიულ ტესტირებას დაუკავშირა:

“გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ ჯამური მონაცემების შედეგია. შემდგომ დღეებში, ალბათ, აგრესიული კვლევების გარეშე ჩატარდება და ვიმედოვნებთ, ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – თქვა ეზუგბაიამ 25 აპრილს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.