ახალი ამბებისაზოგადოება

“პაციენტის თანხმობა სჭირდება და რისკები მინიმალურია” – ცერცვაძე ოზონოთერაპიაზე

26 აპრილი, 2020 • 3835
“პაციენტის თანხმობა სჭირდება და რისკები მინიმალურია” – ცერცვაძე ოზონოთერაპიაზე

ოზონოთერაპიას, — რომლის დახმარებითაც, ექიმის ცნობით, ბათუმში ოთხ პაციენტს უმკურნალეს და რომელიც “იმედისმომცემ შედეგებს იძლევა”, — ჯერჯერობით საქართველოში არც პროტოკოლით არის გათვალისწინებული არც ოფიციალური კვლევის სახე აქვს.

თუმცა „ნეტგაზეთს“ ინფექციური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე ეუბნება, ამ მეთოდით მკურნალობის რისკები მინიმალურია და მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებისგან შესაბამისი ნებართვები მიიღეს.

რა ხდება?

25 აპრილს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის მართვაზე ექიმების მსჯელობის შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში კორონავირუსის მკურნალობის დროს აქტიურად იყო გამოყენებული ოზონოთერაპია.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოზონოთერაპია 4 პაციენტზე გამოიყენეს კლინიკა „მედალფაში“ და ამ სახის მკურნალობა ექიმმა ლადო თალაკვაძემ ჩაატარა. მისი თქმით, ამ ოთხ პაციენტთან მიღწეული შედეგები იმედისმომცემია:

„ერთი პაციენტი იყო მსუბუქი — ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, დანარჩენ 3 პაციენტს კი პნევმონია ჰქონდა. განსხვავება ის იყო, რომ იქ ტიპიური მკურნალობა მიდიოდა.

იმ პაციენტთან, ვისაც ვირუსი ჰქონდა, მაგრამ პნევმონია არა, ოზონოთერაპიით მკურნალობის შემდეგ არ განვითარებულა პნევმონია, რადგან დროულად დაისვა დიაგნოზი…

…კარგი ის მოხდა, რომ თუ სხვა შემთხვევებში 14-18 დღე ან უფრო მეტი გჭირდება განკურნებისთვის, ოზონოთერაპიის გამოყენების დროს ეს ვადა 8-9 დღით შემცირდა. ჯერჯერობით, ეს ეფექტი ვნახეთ“, – უთხრა ექიმმა თალაკვაძემ „ბათუმელებს“.

რა არის ოზონოთერაპია?

ოზონოთერაპია ალტერნატიული მკურნალობის მეთოდია, რომლის დროსაც, როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, „ხდება ადამიანის ორგანიზმში ოზონის შეყვანა სპეციალური მეთოდით“.

„არსებობს დანადგარი, რომელიც გამოიმუშავებს ოზონს, ხდება მისი [ოზონის] გაზავება ხსნარში და ინტრავენურად გადაესხმება პაციენტს”, – თქვა გუშინ თენგიზ ცერცვაძემ.

პროტოკოლი vs „ექსპერიმენტული მკურნალობა“

საქართველოში ოზონოთერაპიის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა მამუკა მაჩაიძე, ექიმი ინფექციონისტი, რომელიც აშშ-ში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში მუშაობს და ახსნა განსხვავება პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილ და ექსპერიმენტულ მკურნალობას შორის:

„როდესაც პაციენტს ეძლევა პროტოკოლით/გაიდლაინით დადგენილი მკურნალობა, მას ექიმი, როგორც წესი, აზრს არ ეკითხება; უბრალოდ ეუბნება რომ პაციენტს ეს წამალი ეკუთვნის.

ამ ერთი შეხედვით მარტივი ქმედების უკან დგას წლების განმავლობაში დაგროვილი კვლევები და გამოცდილება ამ წამლის უსაფრთხოების და დადებითი ეფექტების შესახებ“;

ექსპერიმენტულ მკურნალობაზე კი წერს: „როდესაც პაციენტს ეძლევა ექსპერიმენტული მკურნალობა (კვლევის სახით), მას უნდა განემარტოს რომ პაციენტი არის ექსპერიმენტის ნაწილი, ანუ ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს წამალი მას უფრო ავნებს თუ უფრო უშველის“;

„პაციენტს უნდა ავუხსნათ მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები და ვინმემ (როგორც წესი წამლის თუ პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ ან თავად კვლევის დამფინანსებელმა) უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ყველანაირი პოტენციური ზარალის ანაზღაურებაზე.

ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მესამე, ნეიტრალური მოწმის თანდასწრების პირობებში და პაციენტმა (ან მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელმა ოჯახის წევრმა) ხელი უნდა მოაწეროს თანხმობის დოკუმენტს.

ამავე დროს, უნდა არსებობდეს საღი აზრის ფარგლეფში ეჭვი, თუ რატომ არის ეთიკურად გამართლებული ადამიანზე კონკრეტული ექსპერიმენტის ჩატარება“, – წერს მამუკა მაჩაიძე.

„საჭიროა კვლევა“

ამ საკითხს რუსთავი2-თან საუბარში გამოეხმაურა ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, რომელმაც განაცხადა:

„ჯერ თუ კვლევა არ იქნება ჩატარებული და მას არ ექნება ლეგიტიმური ხასიათი, ჩვენ არ ვიცით. შეიძლება ამ მეთოდს უფრო მეტი ზიანი მოაქვს“…

„ჩვენ ვიცით, რომ [კორონავირუსით ინფიცირებული] ადამიანების 94% არ იღუპება, ისედაც იკურნებიან კორონავირუსისგან. ახლა, ვირუსის მტარებლობა მეშვიდე დღეს გაუქრება ადამიანს თუ მეთოთხმეტე დღეს, ეს შეიძლება არ იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის“.

„იმიტომ, რომ ოზონოთერაპიამ შეიძლება უფრო მეტი გრძელვადიანი ზიანი მოგვიტანოს. ჩვენ ესეც არ ვიცით ბოლომდე, ამიტომ ერთადერთი სწორი პოზიციაა, ჩატარდეს კვლევა“, – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„ეს არის კვლევა“

„ნეტგაზეთი“ 26 აპრილს ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის და განმარტებების მისაღებად დაუკავშირდა თენგიზ ცერცვაძეს, რომელიც კორონავირუსზე კლინიკური კონტროლის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

თენგიზ ცერცვაძემ გვითხრა: „სიტყვა ექსპერიმენტს არ გამოვიყენებდი, ვიტყოდი, ეს არის კვლევა“.

თუმცა მან დამაზუსტებელ კითხვაზე დაგვიდასტურა, რომ საუბარი არ არის „ოფიციალურად, იურიდიულად გაფორმებულ კვლევაზე“.

მისი თქმით, მართალია ოზონოთერაპია „არ არის ოფიციალურად რეკომენდირებული მეთოდი, რადგან მისი ეფექტურობა ჯერ არ არის დამტკიცებული“, თუმცა „ოზონოთერაპია ახალი არ არის, ახლა არ გამოუგონებიათ და გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს“ და, რაც მთავარია, ცერცვაძის თქმით, მას მინიმალური რისკები აქვს:

„რისკები მინიმალურია ოზონოთერაპიისთვის. შეიძლება ითქვას, ძალიან ცოტა“.

პაციენტის თანხმობა

ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძემ განგვიცხადა, პაციენტს განუმარტავენ, რომ ამ მეთოდით უმკურნალებენ, რომელიც არ არის ოფიციალურად ჯერ დამტკიცებული, მაგრამ არის მონაცემები, რომ შეიძლება, ეს იყოს სასარგებლო;

„ხდება პაციენტის გაფრთხილება, ამაში მონაწილეობენ შესაბამისი კლინიკის პირები, ხელმძღვანელი, ექიმი; პაციენტი აცხადებს თანხმობას, რომ თანახმაა, მონაწილეობა მიიღოს ამ კვლევაში და მას უტარდება ეს თერაპია… ოზონოთერაპია რომ იყოს რაიმე ახალი, რომელიც შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს, ეგრე არ არის“, – გვითხრა მან.

„როდესაც რაიმე არაოფიციალურ მეთოდს იყენებ, იქ დგება ოქმი, პროტოკოლი, ეცნობა მას პაციენტი, ეუბნებიან, რა სარგებლობა შეიძლება მიიღოს აქედან და რა საფრთხე შეიძლება არსებობდეს, თუმცა ოზონის შემთხვევაში საფრთხე პრაქტიკულად არ არსებობს და ხდება ოქმზე ხელის მოწერით თანხმობა“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

ოზონოთერაპია – მკურნალობის პროტოკოლში?

როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ჯერ მათ უნდა შეისწავლონ ბათუმში მიღებული შედეგები, გადაამოწმონ მონაცემები და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, გამოიყენონ თუ არა ოზონოთერაპია სხვა შემთხვევების მკურნალობის დროსაც.

„ბათუმში გამოიყენეს 4 პაციენტზე. ჯერ არ შემისწავლია ეს შედეგები, ახლა მოგვაწვდიან, მაგრამ პირველადი შედეგები იმედისმომცემია: 4-დან სამ პაციენტს, რომელსაც კოვიდთან ერთად პნევმონია ჰქონდა, ვირუსი გაუქრა მე-7-მე-9 დღეს“.

„თუ ეს ასეა, ეს კარგია, იმედისმომცემია, რადგან სხვა მეთოდებით ნამკურნალებ პაციენტს 2 კვირაზე ადრე არ უქრება ვირუსი. ჩვეულებრივი დრო არის 2 კვირა. თუ მათ მართლა მე-7 და მე-9 დღეზე გაუქრათ, მიუთითებს, რომ ოზონოთერაპიამ დადებითი როლი შეასრულა“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

„ჩვენ გადავხედავთ მონაცემებს. დეტალურად უნდა ვნახოთ, რა როგორ იყო, მართლა გაქრა თუ არა მე-7 და მე-9 დღეს… კომპიუტერულ ტომოგრამაზე ვნახავთ, როგორი პნევმონია იყო, რამდენ ხანში გაქრა და ა.შ“…

თუმცა, მისი თქმით, ოზონოთერაპიის პროტოკოლში სწრაფად შეტანა არ განიხილება: „უბრალოდ გაგრძელდება ეს კვლევის სახით, მათ შორის თბილისში; ჩვენც და სხვა კლინიკებიც ჩაერთვებიან ამაში კვლევის სახით, ცალკეულ ავადმყოფებში და თუ მიღებული იქნა მეტი დადასტურება, — ჯერჯერობით 3-4 შემთხვევა ძალიან ცოტაა — თუ მიღებული იქნება რამდენიმე ათეული ასეთი დადებითი შემთხვევა, შემდეგ ვიფიქრებთ პროტოკოლში შეტანაზე“.

„ყველა მაჩვენებელი იყო მხოლოდ უკეთესობისკენ, შემდეგ ჩვენ ამის გამოყენებას გავაგრძელებთ და მივცემთ ოფიციალური კვლევის სახეს. კვლევის, და არა პროტოკოლის. პროტოკოლში შეტანას მეტი მტკიცებულებები სჭირდება“…

ვის შეიძლება უმკურნალონ ოზონოთერაპიით?

რა პრინციპით შეირჩევიან პაციენტები? როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, არსებობს გაკრვეული შეზღუდვები — პაციენტებს არ უნდა ჰქონდეთ სისხლდენა, დაბალი ჰემოგლობინი და ა.შ..

„[ზოგადად, შეიძლება ჩაერთონ] პაციენტები, ვისაც საშუალო სიმძიმის ან მძიმე კოვიდინფექცია უფიქსირდებათ“.

ძირითად კრიტერიუმად ცერცვაძემ დაასახელად პნევმონიის ქონა: „ჯერჯერობით ეს უკეთდება იმას, ვისაც აქვს კოვიდი და ვისაც აქვს პნევმონია“…

გირჩევთ ასევე:

 

 

ექიმი, რომელიც Covid19-ით ინფიცირებულებს ოზონოთერაპიით მკურნალობს

მასალების გადაბეჭდვის წესი