ახალი ამბები

უკვე პიკში ვართ და ჩვენი ამოცანაა, დიდხანს დავიჭიროთ პლატოზე – იმნაძე ეპიდემიაზე

26 აპრილი, 2020 • 1281
უკვე პიკში ვართ და ჩვენი ამოცანაა, დიდხანს დავიჭიროთ პლატოზე – იმნაძე ეპიდემიაზე

დგას თუ არა საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის პიკი? — ეს კითხვა დაუსვეს დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძეს, რომელმაც პასუხად განაცხადა:

„კი, ახლა ჩვენ, წესით, პიკში ვართ და ჩვენი ამოცანა იქნება, ეს პიკი რაც შეიძლება, მეტ ხანს დავიჭიროთ პლატოზე და როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ეს არ იყოს ჯომოლუნგმა და იყოს, ვთქვათ, პატარა გორაკი“…

„მე მგონი, საკმაო ხანია, ვამბობთ, რომ აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში, ყველა გათვლებით უნდა ყოფილიყო ქვეყანაში ავადობის პიკი. ძალიან დიდი ბოდიში იმათთან, თუ ვინმეს იმედები გავუცრუეთ და ეს პიკი არ არის ათასობით და არის ათეულობით შემთხვევა“, – განაცხადა მან.

იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ „ყველა იმ ღონისძიების ჩატარების შედეგად, რაც ქვეყნააში განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში, მაქსიმალურად შევძელით, რომ გავრცელება ქვეყანაში არ ყოფილიყო ნახტომისებური, ზვავისებური და ნელ-ნელა მომატებოდა შემთხვევათა რიცხვი“.

„პრაქტიკულად, როგორც ხედავთ, ჯერჯერობით შევძელით. მატება ბოლო 2 დღეა, 25 და 29 გვაქვს; დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთივე ტემპით გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ხვალ იხსნება რეგულაციების ნაწილი“, – თქვა პაატა იმნაძემ.

26 აპრილის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა კიდევ 29-ით გაიზარდა და 485 შეადგინა. წინა დღეს, 25 აპრილს, 456 შემთხვევა დასტურდებოდა, — 25-ით მეტი, ვიდრე წინა დღეს.

ამასთან, 26 აპრილს დადასტურდა კიდევ ერთი, მე-6 პაციენტის გარდაცვალება — როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, გარდაიცვალა 83 წლის პაციენტი, რომელსაც პარალელურად გულის სხვადასხვა დაავადება ჰქონდა…

უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 485
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 139
    • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 4928
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 522
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი