ახალი ამბები

ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

26 აპრილი, 2020 • 1714
ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დააკავეს პირი, რომელიც 2019 წლის მაისში კახეთში, სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის, მათ შორის ოჯახის წევრების, მკვლელობის საქმეზე იძებნებოდა. ის სოფელ ყანდაურაში დააკავეს.

თავდაპირველად ამ გახმაურებულ საქმეზე 85 წლის კაცი იყო დაკავებული მკვლელობის ბრალდებით, თუმცა 27 ივლისს პროკურატურამ განაცხადა, რომ მას ბრალი დაუზუსტდა და ბრალი დასდეს „მკვლელობაში დახმარებაში, რაც ამ მიზნით დანაშაულის იარაღის სხვა პირისთვის გადაცემაში გამოიხატა“.

იმავე განცხადებაში პროკურატურა წერდა, რომ ამ საქმეზე, ოჯახის წევრის მკვლელობის ჩადენისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ნ.გ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

მოგვიანებით ბრალი წაუყენეს 85 წლის კაცის შვილიშვილსაც, – ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობდა.

2020 წლის 25 აპრილს შსს-მ გაავრცელა ახალი განცხადება, რომლის თანახმადაც „კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ნ. გ., [რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული] დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სოფელ ყანდაურაში დააკავეს“.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა, ინიციალებით ნ.გ., 2019 წლის 3 მაისს, კახეთში, სოფელ ყანდაურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ოჯახის წევრებსა და მეზობლებს.

აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღები ნივთმტკიცებებად ამოიღო“, – წერია განცხადებაში.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და მე-3 ნაწილის ,,ა”ქვეპუნქტებით, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი