85 წლის კაცს, ო.გ-ს, აღარ ედება ბრალად ოთხი ადამიანის მკვლელობა. მკვლელობის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა მესამე პირს, რომელზეც ძებნა გამოცხადდა.
საუბარია 3 მაისის მკვლელობებზე. იმავე დღეს ყანდაურაში დააკავეს 85 წლის კაცი, რომელსაც ოთხი ადამიანის მკვლელობას ედავებოდნენ — შვილის, რძლისა და ორი მეზობლის.
პროკურატურა აცხადებს, რომ ახლა მას ბრალი დაუზუსტდა და ამჟამად ბრალი ედება „მკვლელობაში დახმარებაში, რაც ამ მიზნით დანაშაულის იარაღის სხვა პირისთვის გადაცემაში გამოიხატა“, — აცხადებს პროკურატურის პრესსამსახური.
უწყების ცნობითვე, მას ასევე ბრალად ედება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა. „ო.გ-ს მიმართ საქმე უკვე წარიმართა სასამართლოში განსახილველად“, — წერია განცხადებაში.
„გარდა ამისა, 18 ივლისს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ოჯახის წევრის მკვლელობის ჩადენისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ნ.გ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა“, — იუწყება პროკურატურა.
პროკურატურის თანახმადვე, გამოძიება გრძელდება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.