ახალი ამბებიტექნოლოგიები

ჭკვიანი ჩაფხუტი თერმომეტრის ნაცვლად – ინოვაცია დუბაიში Covid-19-ის წინააღმდეგ

24 აპრილი, 2020 • 13049
ჭკვიანი ჩაფხუტი თერმომეტრის ნაცვლად – ინოვაცია დუბაიში Covid-19-ის წინააღმდეგ

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პოლიცია სპეციალური ჩაფხუტების გამოყენებას იწყებს, რომელთა მეშვეობითაც ასობით ადამიანის ტემპერატურის შემოწმებაა შესაძლებელი. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ჩაფხუტს, რომლის გამოყენებას ნაკლები დრო და კონტაქტი სჭირდება, ვიდრე ტრადიციულ თერმომეტრებს, შეუძლია, ტემპერატურა 5 მეტრის მანძილზე, წუთში 200 ადამიანს გაუზომოს, მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში კი გაფრთხილების სისტემა აამოქმედოს.

“ჩვენ დავიწყეთ ჭკვიანი ჩაფხუტების გამოყენება COVID-19-ის კრიზისის დროს, ყველა პოლიციის განყოფილებაში დუბაის გარშემო, ასევე, საპატრულო განყოფილებებში, რომელთა[თანამშრომლების] მოვალეობა წინა ხაზზე მუშაობაა”, – უთხრა ოფიცერმა ალი ალ-რამსიმ Reuters-ს.

მისი თქმით, პირს, რომელსაც მაღალ ტემპერატურას დაუფიქსირებენ, აჩერებენ და უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. საამიროების პოლიცია აღნიშნულ ტექნოლოგიას მჭიდროდ დასახლებულ, ასევე, ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტილ უბნებში იყენებს.

ახლო აღმოსავლეთის, ასევე, ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნებმა აღნიშნული ჩაფხუტები ჩინურ კომპანიას დაუკვეთეს. კომპანიის თქმით, უკვე გაიყიდა 1 000 ცალი ჩაფხუტი.

სპარსეთის ყურის 6 სახელმწიფოს შორის არაბეთის გაერთიანებული საამიროები ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით ლიდერობს. დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 8 000-ს, დაღუპულთა რაოდენობა კი 50-ს აღემატება.

გარეკნის ფოტო: Alhurra

მასალების გადაბეჭდვის წესი